ნინო ბურჯანაძე - პოლიციას წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, რადგან პროცესი ჩიხში არ შესულიყო
ნინო ბურჯანაძე - პოლიციას წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, რადგან პროცესი ჩიხში არ შესულიყო

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან  უმძიმესი გამოხმაურება მოჰყვა.

„ნამდვილად უმძიმესი გამოხმაურებაა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ოპოზიცია წავიდა უკვე დათმობებზე. დღესაც იცით რა არის ყველაზე ცუდი, მე ხომ ეს ნანახი მაქვს, ამ შენობის შიგნიდანაც, კანცელარიის შიგნიდან, გარედანაც და ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანები წინამორბედების არც შეცდომებზე და არც გამოცდილებაზე არაფერს სწავლობენ. თქვენ ხომ იცით, რომ იქ ძალის გამოყენება შეეძლო ოპოზიციას და წინააღმდეგობის გაწევა, თქვენი ჯგუფები იყვნენ იქ, თქვენი ჯგუფები ხედავდნენ. მართალია, იარაღი არ იყო, მაგრამ იყვნენ იქ ბიჭები, რომლებიც მინიმუმ ორჯერ-სამჯერ ხელს მოიქნევდნენ ყველა სართულზე, მაგრამ ეს არ გააკეთა ოპოზიციამ, არ გააკეთა ზუსტად იმიტომ, რომ ჩიხში არ შესულიყო პროცესი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე: „უნდა გაეწიათ თუ არა წინაღმდეგობა პოლიციისთვის“, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამისგან თავი შეიკავეს, რადგან ვითარება არ დაძაბულიყო.

„რატომაც არა? სახლში თუ მივარდები რატომ არა? აი, თქვენ თუ შემომივარდებით, თუნდაც პოლიციის ფორმით ჩაცმული, როცა მე გეუბნებით, რომ არ შემომივარდე, არაფერს არ ვაშავებ, გაგიწევ წინაღმდეგობას, მაგრამ არ გავუწიეთ წინააღმდეგობა, რადგან არ ყოფილიყო დაძაბულობა. ნიკა მელიას კატეგორიული მოთხოვნა იყო, არათუ ჩვენი ე.წ. დაცვის შემადგენლობა, ახალგაზრდები, ყველანი, ვინც ვიცავდით ნიკას, ამ მხარეს კი არა მარტო, არამედ სპეცრაზმის მხარესაც არავინ არ უნდა დაშავებულიყო. ჩვენ ხომ ამას გავუფრთხილდით და სამაგიეროდ მივიღეთ რა, რომ შეეშინდათ, ვერ გაბედეს და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.