ნინო ბურჯანაძე - პლებისციტის მომხრე დიდად არ ვიყავი, ჩემთვის 31 ოქტომბრის არჩევნები პრაქტიკულად პლებისციტი იყო
ნინო ბურჯანაძე - პლებისციტის მომხრე დიდად არ ვიყავი, ჩემთვის 31 ოქტომბრის არჩევნები პრაქტიკულად პლებისციტი იყო

ჩვენი მოთხოვნები პრინციპულია, საინტერესოა, ხელისუფლება რას გვთავაზობს საპასუხოდ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არც ერთი დოკუმენტის გასაჯაროების უფლება, ბუნებრივია, არ მაქვს. არის შეთანხმება, რომ არც ხელისუფლების პოზიციაზე და არც ოპოზიციის პოზიციაზე დეტალურად არ ვსაუბრობთ. ძალიან საინტერესო კონსულტაციები იყო დღეს. სავარაუდოდ, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ შეიძლება, შედგეს შეხვედრა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელიც იქნება. ასე რომ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენი მოთხოვნები პრინციპულია. ეს მოთხოვნები რჩება. საინტერესოა, ხელისუფლება რას გვთავაზობს ამ მოთხოვნების საპასუხოდ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ მოსახლეობა პლებისციტზე უპასუხებს, რომ რიგგარეშე არჩევნებს მხარს არ უჭერს, რას იზამს ოპოზიცია, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ის დიდად არ უჭერდა მხარს პლებისციტის ჩატარებას და ამასთან, პლებისციტზე „ქართულმა ოცნებამ“ უკვე უარი უთხრა ოპოზიციას.

„რამდენადაც ვიცი, ხელისუფლებამ პლებისციტზე უკვე უარყოფითად უპასუხა ოპოზიციას, რაც ძალიან უცნაურია, რადგან თუ ხელისუფლება დარწმუნებული იყო იმაში, რომ ოპოზიციის მოთხოვნას ხალხი უარს ეტყოდა, მაშინ პლებისციტის ჩატარების პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ. შემიძლია, გითხრათ, რომ პირადად მე დიდად მომხრე არ ვიყავი პლებისციტის, მაგრამ ასევე შემიძლია, გითხრათ, რომ ჩემთვის პრაქტიკულად პლებისციტი იყო 31 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც მოსახლეობის 52 პროცენტმა უარი უთხრა ხელისუფლებას ხელისუფლებაში დარჩენაზე“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.