ნინო ბურჯანაძე - ვანო მერაბიშვილზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება სულ მცირე არაკორექტული და არაკოლეგიალურია
ნინო ბურჯანაძე - ვანო მერაბიშვილზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება სულ მცირე არაკორექტული და არაკოლეგიალურია

ყველას ერთობლივ მიღწევებს როცა აღნიშნავ, როგორც საკუთარ მიღწევას, შეცდომებიც ასევე უნდა აიღო საკუთარ თავზე ,- ამის შესახებ „ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ამ კომენტარით ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ბურჯანაძის აზრით, პირველი პირის მხრიდან შეცდომების სხვაზე გადაბრალება არასწორია.

„არ არის სწორი, როდესაც პირველი პირი ვინმეს გადააბრალებს შეცდომებს. როცა ადამიანი საკუთარ მიღწევებზე ლაპარაკობ და ყველას ერთობლივ მიღწევებს აღნიშნავ, როგორც საკუთარ მიღწევას, შეცდომებიც ასევე უნდა აიღო საკუთარ თავზე“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის გარეშე იღებდა გადაწყვეტილებებს, ბურჯანაძემ უპასუხა -„რა თქმა უნდა, არა“.

ამასთან, ბურჯანაძე არაკორექტულს და არაკოლეგიალურს უწოდებს სააკაშვილის განცხადებას, რომ „ვანო მერაბიშვილის ადგილზე, ციხიდან გამოსვლის შედეგ, დაუბრუნდებოდა ოჯახს, თვალებს გაახელდა, იმოგზაურებდა მსოფლიოში, რომელიც მერაბიშვილის ციხეში ჩასმიდან შვიდი წლის შემდეგ, შეიცვალა“.

„ვფიქრობ, ბატონ ვანო მერაბიშვილზე გაკეთებული მისი განცხადება მინიმუმ არაკორექტული და არაკოლეგიალური, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტი გახლავთ. თუმცა, მე ვიტყოდი ერთადერთს, ვცდილობ, ძალიან დელიკატურად ვისაუბრო ამ ეტაპზე სააკაშვილზე, თუნდაც იმის გამო, რომ არ მინდა,უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო ის ადამიანები, მისი პარტიის წევრები, ვისთან ერთადაც გვერდი გვერდ ვსხედვართ და ელემენტარული ერთმანეთის პატივისცემა მოითხოვს ამას, რომ მათ ლიდერზე თავშეკავებულად ვისაუბრო. ერთადერთი ვიტყოდი ამას, რომ როდესაც შენ ლაპარაკობ, რომ შენ მიაღწიე, შენ გააკეთე, შენ დააყენე ქვეყანა ფეხზე და ყველაფერი შენ გაგიკეთებია და სხვა არაფერ შუაში იყო, თუ ყველა წარმატებაზე სააკაშვილი იღებს პასუხისმგებლობას, მაშინ კეთილი ინებოს და ყველა შეცდომაზე და წარუმატებლობაზეც მან აიღოს პასუხისმგებლობა“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ აღნიშნა, რომ „ხედავს იმ შეცდომებს, რაც დაუშვა ვანო მერაბიშვილმა და რომ არა ეს გადაცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა“.