ნინო ბურჯანაძე - ომს ამდენი ადამიანი შეეწირა და 12 წლის შემდეგ იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე ვიყავით
ნინო ბურჯანაძე - ომს ამდენი ადამიანი შეეწირა და 12 წლის შემდეგ იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე ვიყავით

ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ომს ამდენი ადამიანი შეეწირა და 12 წლის შემდეგ იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე ვიყავით, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოსთვის დამაქცეველი რეალობა გამოსწორდეს.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან მძიმე დღეა. მძიმეა, პირველ რიგში, ადამიანურად, პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად. მინდა, მოვიგონო ყველა დაღუპული, მივუსამძიმრო მათი ოჯახის წევრებს. ახლა ვესაუბრე გარდაცვლილთა დედებს, მათ გულისტკივილს ემატება ისიც, რომ ისინი იმ ყურადღებას და დაფასებას ვერ გრძნობენ, რაც სჭირდებათ. რაც მთავარია, 12 წლის შემდეგ ვერანაირ წინსვლას ვერ გრძნობენ. ერთმა ქალბატონმა მითხრა: დღესაც გრძელდება ის, რის გამოც ეს ბიჭები დაიღუპნენ და ამაზე ჩვენი ხელისუფლება არაფერს აკეთებსო; როდესაც ე.წ. საზღვარი კიდევ უფრო გადმოდის, არაფერს აკეთებენ და გვეუბნებიან, რომ უნდა მოვითმინოთო.

ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ომს ამდენი ადამიანი შეეწირა და 12 წლის შემდეგ იმაზე უარეს დღეში ვართ, ვიდრე 2008 წლის აგვისტომდე ვიყავით. ყველა ნორმალური ადამიანის ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს გამოსწორდეს. მე რაც ვიცი, რა კონტაქტებიც მაქვს და რაც შემიძლია, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის რეალობა, რაც ქვეყნისთვის დამაქცეველია, გამოსწორდეს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი