ნინო ბურჯანაძე - მოვიდა დრო, „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ინერვიულოს, მათ ეს დაიმსახურეს
ნინო ბურჯანაძე - მოვიდა დრო, „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ინერვიულოს, მათ ეს დაიმსახურეს

მოვიდა დრო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ცოტა ინერვიულოს, რადგან მათ ეს ნერვიულობა დაიმსახურეს, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„ნერვიულობა არ დაუმსახურებია საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანას, თორემ მათ ნამდვილად დაიმსახურეს, რადგან წარმართეს აბსოლუტურად არასწორი, არაკომპეტენტური, უსამართლო და უსახური პოლიტიკა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით, არ გაითვალისწინეს ჩემი არც ერთი გაფრთხილება, წინადადება, თუ მოსაზრება, რომელიც საქმის ინტერესებიდან იყო ნაკარნახევი. რომ გაეთვალისწინებინათ, გარწმუნებთ, დღეს იმ დღეში არ იქნებოდნენ, რაშიც არიან. ამიტომ, მაქვს აბსოლუტური მორალური უფლება, ცოტა ხანი დაველოდო და მათ ნერვიულობას ვუყურო. ცოტა უნდა ვანერვიულოთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ცოტა ნერვიულობის შემდეგ შესაძლოა, „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ მისი მხარე დაიჭიროს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ის ჯერ კიდევ ფიქრობს.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, ტატო ხუნდაძის შეკითხვაზე, სად ხედავს ის თავს ქვეყანაში მესამე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების შემთხვევაში და რატომ უნდა იყოს „დემოკრატიული მოძრაობა“ მესამე ძალა, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, მაგრამ „დემოკრატიული მოძრაობა“ შექმნის დღიდან არის თანმიმდევრული, პრინციპული, არასდროს არავის გარიგებია, არავისთან შეკრულა, არავისთან უვაჭრია, ყოველთვის იცავდა თავის პრინციპულ პოზიციას და სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, საზოგადოებას ყოველთვის მართალს ეუბნებოდა.

„შესაძლოა, ჩვენ ყოველთვის ვერ ვასრულებდით იმას, რასაც ადამიანებს ვპირდებოდით, რადგან არსებობს გადაულახავი ძალა, მაგრამ ჩვენი მომხრეები და ობიექტური მოწინააღმდეგეები ყოველთვის ხედავდნენ, რომ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. ჩვენ ყოველთვის პრინციპული ვიყავით, ჩვენს პოზიციას ყოველთვის ვასაბუთებდით და ვართ გამბედავი პოლიტიკური ძალა, რომელსაც არც რუსეთთან ლაპარაკის ეშინია და არც დასავლეთთან“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში კლასიკურად მემარცხენე, მემარჯვენე, ან ცენტრისტული პარტია ვერ იქნები, რადგან გარკვეული ეკლექტიკა ნამდვილად არის.

„არის რაღაც მიმართულებები, სადაც ჩვენ მემარჯვენე ცენტრისტები ვართ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც 150 000 ბავშვი შიმშილობს, რომლებიც მხოლოდ არჩევნების დროს ახსენდებათ, მოსახლეობის 2/3 სიღარიბის ზღვარს მიღმაა და ადამიანები შიმშილობენ, შეუძლებელია, მემარცხენე არ იყო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.