ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანია, მაჟორიტარობის კანდიდატს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ჰქონდეს მოგების შანსი, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ
ნინო ბურჯანაძე - მნიშვნელოვანია, მაჟორიტარობის კანდიდატს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ჰქონდეს მოგების შანსი, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, მაგალითად, ვანო მერაბიშვილს მხარს არ დავუჭერთ

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მაჟორიტარულ კანდიდატებზე ოპოზიციაში ცალკეულ რეგიონებთან დაკავშირებით შეთანხმება შესაძლებელია.

მისივე თქმით, არ აშინებს გარკვეული განსხვავებები მაჟორიტარებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ცალკეულ რეგიონებზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს განხეთქილებას.

„ოპოზიციური ერთობა იყო ჩამოყალიბებული, მუშაობდა და მუშაობს უმთავრესი თემის – საარჩევნო კანონმდებლობის ირგვლივ და პრაქტიკულად, ვფიქრობ, რომ ამ ერთობით, სრულიად განსხვავებულ პარტიათა ერთობით, ეს ძალიან დიდი მიზანი მიღწეულია. მე არ მაშინებს გარკვეული განსხვავებები ამ მაჟორიტერებთან დაკავშირებით, რადგან შეიძლება ცალკეულ რეგიონებთან დაკავშირებით მოხდეს შეთანხმება, ცალკეულ რეგიონებთან დაკავშირებით ვერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს განხეთქილებას. ამაზე ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ერთმანეთის ხმები იყოს დაცული და ყველაფერი იქნას გაკეთებული, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და თავისუფლად. ეს არის ამ ერთობის ამოცანა და ვფიქრობ, რომ ამ საერთო ამოცანებში განხეთქილება არ იქნება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განმარტებით, საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმეს სასარგებლოდ თმობენ მანდატებს, არამედ მნიშვნელოვანია, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, კონკრეტული რაიონისთვის ისეთი კანდიდატი იყოს წარდგენილი, რომელსაც იმ რაიონის მოსახლეობის მაქსიმალურად დიდი მხარდაჭერა და მოგების შანსი აქვს.

„განსხვავებები არსად არ წასულა. კატეგორიულად გამოვრიცხავ მე ამ ფორმულირებას, რომ ჩვენ დავთმობთ მანდატებს „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ან „ევროპული საქართველოს“ სასარგებლოდ, ან ისინი დათმობენ ჩვენ სასარგებლოდ. აქ არ არის ამაზე ლაპარაკი, აქ მნიშვნელოვანია, რომ პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ისეთი კანდიდატი იყოს რაიონისთვის, რომელსაც აქვს იმ რაიონის მოსახლეობის მაქსიმალურად დიდი მხარდაჭერა და მოგების შანსი.

შეიძლება, ასეთი აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც ჩემთვის იქნება კატეგორიულად მიუღებელი, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი, ასეთ შემთხვევაში, ამ პრინციპის მიუხედავადაც კი მას მხარს არ დავუჭერთ და ეს იქნება ნათელი გადაწყვეტილება. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ჩვენ ვინმეს სასარგებლოდ ვთმობთ მანდატებს, აქ მთავარი ამოსავალი უნდა იყოს, რომ მაჟორიტარი იყოს ხალხისთვის მისაღები, ისეთი კანდიდატურა, რომელიც არ იქნება ოდიოზური და რომელიც შეძლებს, ღირსეულად წარმოაჩინის პარლამენტის ოპოზიციური ერთობა“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი