ნინო ბურჯანაძე - მინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლების დანაპირები არ შეიცვლება, რადგან ეს გამოიწვევს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს
ნინო ბურჯანაძე - მინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლების დანაპირები არ შეიცვლება, რადგან ეს გამოიწვევს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს

მინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ დანაპირები, რომელიც არის გაცემული, საქართველოს მოსახლეობის, ოპოზიციის წინაშე და მთელი მსოფლიოს წინაშე, არ იქნება შეცვლილი, ვინაიდან ეს გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს და სერიოზულ პრობლემებს ქვეყანაში, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან და ერთად მიადევნებენ თვალს იმ მოვლენებს, რაც დღეს პარლამენტში უნდა განვითარდეს.

„ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან, პირადად ივანიშვილის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ იყი ძალიან მნიშვნელოვანი სწორი და ადეკვატური ნაბიჯი. მინდა, იმედი ვიქონიოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ეყოფა გონიერება ხელისუფლებას რომ დანაპირები, რომელიც არის გაცემული, საქართველოს მოსახლეობის, ოპოზიციის წინაშე და მთელი მსოფლიოს წინაშე, არ იქნება შეცვლილი, ვინაიდან ეს გამოიწვევს პოლიტიკურ კრიზისს და სერიოზულ პრობლემებს ქვეყანაში. ერთად შეკრება არის მოწოდება ხელისუფლების, რომ ყველაფერი გააკეთონ, დანაპირები შესრულდეს. ეს ამავდროულად არის გაფრთხილება ყველა იმ დეპუტატის, რომელიც ახლა ვაჭრობს, ცდილობს, თავისთვის სერიოზული დივიდენდები მიიღოს, თუ ეს რა თქმა უნდა, არ არის ხელისუფლების დაკვეთა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას.

„თუ ხელისუფლებას და პირადად ივანიშვილს არ უნდა ამ კანონის ჩაგდება, მათ აქვთ რესურსი, რომ ამ დეპუტატებმა ვერ შეძლონ კანონპროექტის ჩაგდება. მაჟორიტარებს თავისი ინტერესები აქვთ და ცდილობენ, ამ პროცესიდან მაქსიმუმი მიიღონ, მაგრამ რაც არ უნდა ინტერესები ჰქონდეთ, თუ მოინდომებს ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ისინი მიაღწევენ ამ დოკუმენტის გატანას და დამტკიცებას. იმედია, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება, გააკეთოს ყველაფერი დოკუმენტის მიღებისთვის, ხოლო დეპუტატებს ეყოფათ გონიერება და პატიოსნება პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, რომ არ გადააყოლონ ქვეყნის სტაბილურობა პირად ინტერესებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.