ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებში ბოიკოტის მოწინააღმდეგეების, მათ შორის სალომე სამადაშვილის მონაწილეობა შეცდომა იყო
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებში ბოიკოტის მოწინააღმდეგეების, მათ შორის სალომე სამადაშვილის მონაწილეობა შეცდომა იყო

არასწორი შედეგი დაიდო, შესაძლებელი იყო,  გაცილებით უკეთესი შედეგი დადებულიყო, ამ პარტიებს რომ არ დაეწყოთ ყოყმანი, რყევა და არ დაეყენებინათ პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, პარტიების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა და არც კრიზისიდან გამოყვანა.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ხელმოწერა იჩქარეს.

„არასწორი შედეგი დაიდო, შესაძლებელი იყო, დადებულიყო გაცილებით უკეთესი შედეგი, ამ პარტიებს რომ არ დაეწყოთ ელემენტარულად ყოყმანი, რყევა და არ დაეყენებინათ პარტიული ინტერესი საერთო ინტერესებზე მაღლა. გასაგებია, ყველა იტყვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გადაარჩინეს, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას უშველეს და ა.შ. ვინ იტყვის, საკუთარი პარტიული ინტერესებიდან მივიღე გადაწყვეტილებაო, მაგრამ ეს დოკუმენტი არც ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა, არც კრიზისიდან გამოყვანა, რადგან კრიზისი არ განიმუხტება არც ერთ შემთხვევაში, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია და პოლიტიკური დევნის საკითხი არ გადაწყვეტილა, არ დანიშნულა ვადამდელი არჩევნები. რა თქმა უნდა, იჩქარეს ხელმოწერა.

ჯერ ერთი, სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა ასეთი კლიშე, რომ არიქა და არ შეედავო ევროპას ან ამერიკას, რომ რაღაცა არ დაგბრალდეს. ძახილი, რომ თურმე, რუსეთი იქნებოდა ბედნიერი, თუ პარლამენტში პარტიები არ შევიდოდნენ, არის სასაცილო. რუსეთი დღეს არის ბედნიერი, როდესაც საქართველომ მიიღო ის პარლამენტი, რომელიც მიიღო, როცა გაპრავდა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი პარლამენტი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ნინო ბურჯანაძის თქმით, მოლაპარაკებებს სჭირდება გამოცდილება და მოლაპარაკებებში ბურჯანაძის მონაწილეობას თავიდანვე არ დაეთანხმნენ, რადგან ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს.

„მე არ ვამბობ, რომ ყველა, ვინც ამ მოლაპარაკებების პროცესში ხელი მოაწერა, გაიყიდა ან მარტო პირადი ინტერესით სარგებლობდა, თუმცა ასეთებიც იყვნენ და ზოგიერთებს ძალიან მალე ვიხილავთ ჩვენ ევროპულ სტრუქტურებში გადაბარგებულს პარლამენტის სავარძლიდან. საკუთარი თანამდებობების და სამსახურების ძებნისთვის დაკავებული ადამიანებიც იყვნენ მათ შორის, ვინც მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც მართლა ფიქრობენ, რომ სხვა გამოსავალი არ იყო, გამოცდილების ნაკლებობის გამო. სხვათაშორის, ამიტომ იყო, თავი მოიკლეს, რომ მე არ ვყოფილიყავი იმ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს მოლაპარაკებების“, – აღნიშნა ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გარდა ამისა, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებებში ბოიკოტის მოწინააღმდეგეების მონაწილეობა შეცდომა იყო.

„საერთოდ, სწორია, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას თავის დროზე. ის, რომ ალეკო ელისაშვილს თავის დროზე თავისი სახელი არ დაერქვა, ამან დააზარალა პოლიტიკური პროცესი. ის, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც თავიდანვე მომხრე იყვნენ პარლამენტში შესვლის და ბოიკოტის მოწინააღმდეგეები, ესეც ძალიან დიდი შეცდომა იყო, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობიდანაც“, გუშინ ხატია დეკანოიძემ ეს თვითკრიტიკულად თქვა, რომ მათ წარმოადგენდა ადამიანი, რომელიც ნებისმიერი დოკუმენტის ხელმოწერაზე მზად იყო, ოღონდ პარლამენტში შესულიყო“, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საუბარია სალომე სამადაშვილზე.

„როგორც კი ოპოზიციამ დაიწყო რყევა, როცა იგივე ევროპელებმა დაინახეს, რომ ოპოზიციის ნაწილი მზადაა, ოღონდ, პარლამენტში შევიდეს და მოაწეროს ხელი ამ შუალედურ დოკუმენტს, რათ ქმა უნდა, მეტზე ევროპელებმა თავი არ შეიწუხეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი