ნინო ბურჯანაძე - მცდარია ინფორმაცია, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რუსეთს სიტყვა არც ერთხელ არ შეუსრულებია
ნინო ბურჯანაძე - მცდარია ინფორმაცია, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რუსეთს სიტყვა არც ერთხელ არ შეუსრულებია

მცდარია ინფორმაცია, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში რუსეთს თავისი სიტყვა არც ერთხელ არ შეუსრულებია, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„როცა ხელისუფლებაში ვიყავი, აჭარის რევოლუციის, ბათუმის მოვლენების დროს, სააკაშვილი პუტინს ელაპარაკა და ჩვენ მას ვთხოვეთ, აჭარის მოვლენებში არ ჩარეულიყო რუსული ბაზა, რომელიც მაშინ იქ იყო. უფრო მეტიც, ჩვენ მას აჭარის პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში დახმარება ვთხოვეთ და რაც ვთხოვეთ, მათ აბსოლუტურად ყველაფერი შეასრულეს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, პირიქით, პირობა ქართულმა მხარემ დაარღვია.

„როცა სააკაშვილი პუტინს ტელეფონზე ელაპარაკებოდა, მე იქ ვიყავი და ამ ლაპარაკს ვესწრებოდი. პუტინმა სააკაშვილს სთხოვა, ასლან აბაშიძეს წავიყვანთ და ძალიან გთხოვთ, მერე დაბრალება არ დაგვიწყოთ, რომ ჩვენ სეპარატისტი ლიდერი მიგვყავს, რათა შემდეგ თქვენ წინააღმდეგ გამოვიყენოთო; მეორე, ეს ადამიანი იმიტომ მიგვყავს, უბრალოდ, მორალურად ვალდებული ვართ და მისი ინტერპოლით ძებნა არ დაიწყოთო, მაგრამ მისი არც ერთი თხოვნა არ შესრულდა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ რადგან პოლიტიკაში საჩუქრები არ არსებობს, პუტინმა მიხეილ სააკაშვილს მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.

„პუტინმა მაშინ თქვა, რომ ეს მისი კეთილი ნების ჟესტი იყო, ჩვენთვის არაფერი უთხოვია და გვითხრა, მოდით დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, რა გვჭირდებაო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.