ნინო ბურჯანაძე - მაღალი რანგის მოღვაწე როცა ერევა კონფლიქტში, მოგვარების პერსპექტივა არსებობს, ოღონდ, მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს
ნინო ბურჯანაძე - მაღალი რანგის მოღვაწე როცა ერევა კონფლიქტში, მოგვარების პერსპექტივა არსებობს, ოღონდ, მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ, პირველ რიგში, ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს

როდესაც მაღალი რანგის მოღვაწე ერევა კონფლიქტში, მოგვარების პერსპექტივა არის, ოღონდ, მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ, და პირველ რიგში, ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით გამართულ გუშინდელ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაცია, რომელიც შეხვედრის ყველა მონაწილეს მიეწოდა. ჩვენმა კოლეგებმა დეტალურად ისაუბრეს იმ შეხვედრის თაობაზე, რომელიც ყველას მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. მიმაჩნია, რომ როდესაც ასეთი მაღალი რანგის მოღვაწე ერევა კონფლიქტში, მოგვარების პერსპექტივა არის, ოღონდ, აქ მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ, და პირველ რიგში ხელისუფლებამ, გონიერება გამოიჩინოს.

ჩვენ ყველამ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ მნიშვნელოვანია შედეგის მიღწევა, თვითმიზანი არ არის არც აქცია, არც პიკეტი, არც რაღაც პროტესტი და ასე შემდეგ. თუ მოლაპარაკების მაგიდასთან მიღწეული იქნება შედეგი, გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, დამთავრდება პოლიტიკური დევნა და დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ეს აბსოლუტურად განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განმარტებით, ახლა ბურთი ხელისუფლების მხარესაა და ოპოზიცია ხელისუფლებისგან ელოდება შეთანხმების კონკრეტულ თარიღს და წინადადებას.

„მით უფრო იმ ფონზე, როდესაც დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა უცნაური განცხადებები, რომ თურმე წითელი ხაზია არჩევნები, თურმე სინამდვილეში არაფერი შეთანხმება არ ყოფილა და იყო უბრალოდ საუბარი. ასე რომ, ბუნებრივია, ჩვენი შემდგომი გეგმები დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ მოიქცევა ხელისუფლება“, –  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.