ნინო ბურჯანაძე - ლუკ კოფის ინიციატივა არ არის ოფიციალური პოზიცია და იმედი მაქვს, არც გახდება
ნინო ბურჯანაძე - ლუკ კოფის ინიციატივა არ არის ოფიციალური პოზიცია და იმედი მაქვს, არც გახდება

„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ლუკ კოფის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ახალქალაქში ამერიკული კონტინგენტის გადასროლას გულისხმობს.

ბურჯანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს წინადადება ოფიციალური პირიდან არ მოდის, თავად ფაქტი, რომ ამერიკელ პარტნიორებს მსგავსი იდეები უჩნდებათ კარგზე არ მეტყველებს.

„დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მსგავსი წინადადება ოფიციალურ დონეზე არ გახმოვანდება.

ბურჯანაძის განცხადებით, ეს უკიდურესად დაძაბავს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და ახალ კონფლიქტურ ზონებს წარმოქმნის.

„ეს არ არის ოფიციალური პირის განცხადება, მაგრამ თავისთავად ასეთი მოსაზრებები რომ მოსდით ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს, თუნდაც არა აქტიურებს, ეს მაჩვენებელია იმის, რომ ნაკლებად ითვალისწინებენ საქართველოს ინტერესებს. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ მსგავსი წინადადება ოფიციალურ დონეზე არ გახმოვანდება და არ იქნება ასეთი შემოთავაზება. მინდა, დარწმუნებული ვიყო იმაშიც, რომ შემოთავაზების შემთხვევაში ასეთ სულელურ ნაბიჯს არ გადადგამს ჩვენი ხელისუფლება და არ გადაწყვეტს მსგავსი იდეების განხორციელებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება უკიდურესად დაიძაბება და ეს კონფლიქტში გადაიყვანს ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და არც კი მინდა ვთქვა, ამას რა შეიძლება მოჰყვეს. მოხდება ახალი კონფლიქტური ზონების წარმოქმნა და ძალიან ბევრი პრობლემა გაუჩნდება ჩვენს ქვეყანას. ეს არ არის ოფიციალური პოზიცია და იმედი მაქვს, არც გახდება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ჰერითიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი ინიციატივით გამოდის, რომ სირიიდან გასული ამერიკული კონტინგენტი საქართველოში, კერძოდ კი, ახალქალაქში ყოფილ რუსულ სამხედრო ბაზაზე განთავსდეს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა ისლამური სახელმწიფოს აღდგენის შემთხვევაში სწრაფად რეაგირებისთვის.