ნინო ბურჯანაძე - კოლეგებისგან ვიცი, გუშინ მიშელის თანდასწრებით ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები წითელი ხაზია
ნინო ბურჯანაძე - კოლეგებისგან ვიცი, გუშინ მიშელის თანდასწრებით ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები წითელი ხაზია

გუშინ ღამით მქონდა კოლეგებთან კომუნიკაცია და არც ერთ კოლეგას არ უთქვამს, პირიქით, ხაზი გაესვა, გუშინ მიშელის თანდასწრებით ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

„მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ მიშელს და ევროკავშირს თანადგომისთვის და მედიაციისთვის. იმედია, მას კონკრეტული შედეგი შემოჰყვება. ის, რომ ბატონი მიშელის წარდგენილ ტექსტში გამოკვეთილია, როგორც პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე შესაძლო ვადამდელი არჩევნების საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია. ვერ გეტყვით, რომ აღფრთოვანებული დავრჩი დღევანდელი კომენტარებით, რომელიც ხელისუფლებისგან მოვისმინე, სიმართლე გითხრათ, სხვას არც არაფერს ველოდი. მაგრამ პროცესში იმდენად მაღალი თანამდებობის პირია ჩართული, რომ იმედია ხელისუფლება უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკითხს. მე გუშინ ღამით მქონდა კოლეგებთან კომუნიკაცია და არც ერთ კოლეგას არ უთქვამს, პირიქით, ხაზი გაესვა იმას, რომ გუშინ, მიშელის თანდასწრებით, ღარიბაშვილს არ უხსენებია, რომ არჩევნები არის წითელი ხაზი. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ, ჩვენი უცხოელი პარტნიორი გაკვირვებული დარჩება ამ კომენტარით, რადგან მინიმუმ უნდა ილაპარაკო ერთი და იგივე მედიატორის თანდასწრებითაც და მისი წასვლის შემდეგაც. ეს არის ელემენტარული“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ნინო ბურჯანაძე არ დასწრებია.