ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების ახალი შეთავაზებით გაოცებულია.

ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა არა 2020, არამედ სხვა საარჩევნო წლებშიც.

„პირადად მე ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა, რადგან პროპრციულზე უარის თქმა შემოგვთავაზეს არამარტო 2020 წელს, არამედ 2024-ში, 2028-ში და ასე შემდეგ. ანუ, პრაქტიკულად, ამ შემოთავაზებით, ყველაფერზე, რისთვისაც ვიბრძვით, რეალურად გვეთქვა უარი. შემოთავაზება 100-50-ზე, ეს არის იგივე, არსი არ იცვლება. პროპორციული ასახვა აქ აბსოლუტურად არ არის. ხელისუფლება ინარჩუნებს იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც 50 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში, რომელიც ნამდვილად ნაკლებია, ვიდრე 50 პროცენტი, მან შეინარჩუნოს უმრავლესობა.  ჩვენი ამოცანა არის ის, რომ არა ერთი და ორი მაჟორიტარით ნაკლები ან მეტი გაიყვანოს რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ, არამედ პროპორციულად გადანაწილდეს პარლამენტში წარმომადგენლობა , ვერავინ შეძლოს დაუმსახურებელი უმრავლესობის მიღება და ხელისუფლების უზურპაცია. გუშიდელ განცხადებასაც ეტყობოდა, ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა იმისი განწყობა, რომ იცოდა რა ჩვენი ბუნებრივი რეაქცია, შეწყვეტილიყო დღევანდელი პროცესი და ეს ფორმატი, რადგან ძალიან უხერხულად გრძნობს უმრავლესობა თავს დიპლომატების წინაშე ასეთი არაადეკვატური და ცინიკური წინადადებების შემოთავაზების გამო“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განმარტებით, ოპოზიციამ დააფიქსირა, რომ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებული წინადადება მიუღებელია, თუმცა მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა წინადადებებიც დევს, ის წინადადებები, რომლებიც მმართველ პარტიას ოპოზიციამ შესთავაზა.

„ამის მიუხედავად, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ დიახ, ეს წინადადება მიუღებელია, მაგრამ მაგიდაზე რჩება ის წინადადებები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ ხელისუფლებას. ჩვენ ველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის დასკვნას. ძალიან მადლობელი ვარ დიპლომატიური კორპუსისა და მოდერატორის, ბატონი კრისტიან ურსესი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიახ, მოლაპარაკებები გაგრძელდება და რაც მთავარია, ის შემოთავაზება, გერმანული მოდელი, უპირველასად დარჩება მაგიდაზე განსახილველად და ჩვენ დავუბრუნდებით ამ პროცესს უკვე ახალი წლების შემდეგ“ ,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა პოლიტიკურ პროცესს იგნორირება გაუკეთოს.

„ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი არავის გვქონდა და არც გვაქვს, საპროტესტო აქციები ახლაც, უახლოეს დღეებშიც და შემდგომ, პაუზის შემდეგ, იანვარში ნამდვილად განახლდება, რადგან, როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას ძალის გარდა არანაირი სიტყვა არ ესმის, რაც სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, „თქვენი თავმჯდომარეობის დროს მიიღო პარლამენტმა რეფერენდუმიდან გამომდინარე 100-50-ზე განაწილება, მაშინ გამბედაობა იყო და ახლა არ მოგწონთ“, ბურჯანაძემ ასე უპასუხა:

„მაშინ ხელისუფლებას არ ჰქონდა გაცემული პირობა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ანუ იმ სისტემასთან შედარებით, რაც არსებობდა, 100/50 იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, თან იქ იყო განხილული მთელი რიგი შემოთავაზებები, როგორ აირჩევა პროპორციული, როგორ აირჩევა მაჟორიტარული. ახლა, როდესაც ჩვენ გაცილებით მაღალი შემოთავაზება გვქონდა და მოთხოვნაა ხალხის პროპორციული სისტემა, რა თქმა უნდა, ახლა ეს 100/50 და პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ითხოვდა წინასაარჩევნოდ, რომელსაც მთელი საზოგადოება ითხოვს, მიუღებელია. ითქვა კიდეც ამ შეხვედრაზე, რომ ის, რაც ერთი პერიოდი იყო მოსაღები ისტორიის და კრიზისის კონკრეტულ მონაკვეთში, მეორე მონაკვეთში შეიძლება, იყოს აბსოლუტურად მიუღებელი. ის, რომ წინა ხელისუფლებების დროს იყო შეცდომები დაშვებული, არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ იგივე უნდა განმეორდეს. ქვეყანა უნდა წავიდეს წინ და არა უკან. დღეს ჩვენ დავბრუნდით 2008 წელში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში. ეს განცხადება  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ  ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.