ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება ცდილობს, „კოვიდ-19“-ის ქოლგით ჩაატაროს არჩევნები, არაფერი გამოგეპაროთ, ისე არ გამოვიდეს, რამაც ქულები დაგაგროვებინათ, იმან დაგაკარგინოთ მხარდაჭერა
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ცდილობს, „კოვიდ-19“-ის ქოლგით ჩაატაროს არჩევნები. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„გასაგებია, რომ ბატონი გახარია ცდილობს, ამინდიც რომ კარგია დღეს, „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს დააბრალოს. ვერანაირად ვერ ჩაიწერს ქულებს „ქართული ოცნება“ პროპორციული სისტემის მიღებასთან დაკავშირებით. ისე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩააგდეს, თორემ ოპოზიცია ნამდვილად არ გაერთიანდებოდა.
რაც შეეხება „კოვიდ-19“-ს, ხელისუფლება ცდილობს, რომ „კოვიდ-19“-ის ქოლგით ჩაატაროს არჩევნები. არაფერი გამოგეპაროთ, ისე არ გამოვიდეს, რამაც ქულები დაგაგროვებინათ, ახლა გართულები რომ ხართ და ხიბლში რომ ხართ, იმან ძალიან დაგაკარგინოთ მოსახლეობაში მხარდაჭერა. რადგან უკვე ფაქტია, ვითარება საკმაოდ რთულდება და გარდა „კოვიდისა“, არსებობს სხვა პრობლემები, ცოცხალ ადამიანს ჭამა სჭირდება, შვილების გამოკვება სჭირდება და როცა ლარის კურსს შეხედავს, ცარიელ ჯიბეს, ცარიელ მაცივარს, ნამდვილად არ დაუჭერს მხარს ხელისუფლებას.
თუ მაგარი ხელისუფლებაა, გაუძლონ, იმოქმედონ ადეკვატურად და არ იქნება არც ჰიბრიდული ომის საშიშროება ქვეყნისთვის და არც რაიმე სხვა. ყოველ შემთხვევაში, ქვეყანა ადეკვატურად გაუმკლავდება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.