ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება არჩევნებს თუ გააყალბებს, ამას უმძიმესი რეაქცია მოჰყვება
ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლება არჩევნებს თუ გააყალბებს, ამას უმძიმესი რეაქცია მოჰყვება

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდეს.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მან შეხვედრები გამართა საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან. როგორც ბურჯანაძე ამბობს, ელჩების ინტერესია, არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ.

„მინდა, საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო იმ ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში ჩემს მიერ განხორციელებული შეხვედრების თაობაზე, რომელიც შედგა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. თავი ვალდებულად ჩავთვალე, რომ შევხვედროდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. პირველ რიგში, გამეცნო მათთვის ჩვენი სამოქმედო პროგრამა. ამ შეხვედრების დროს საუბარი გვქონდა ჩვენს სამომავლო გეგმებზე, ასევე იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით.  აბსოლუტურად ყველა ელჩი ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ ახლა არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი ტესტი და ამაზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ ქვეყნისთვის. მათ შორის ის საერთაშორისო დახმარებები, რომელიც პანდემიის პერიოდში და ეკონომიკური კრიზისის პერიოდში ასე ძალიან სჭირდება ქვეყანას“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, ამას უმძიმესი რეაქცია მოჰყვება.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს, გაყალბებებს და მანიპულაციებს შეეცდება, ამას უმძიმესი რეაქცია მოჰყვება არამარტო ჩემი, როგორც პოლიტიკოსის, სხვა პოლიტიკოსების ან მოსახლეობის მხრიდან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც. დიახ, ელჩების ინტერესი არის, არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და გამჭვირვალედ. ელჩები დაინტერესდნენ იმ წინადადებით, რაც გავახმოვანე, რომ მივაწოდოთ საელჩოების წარმომადგენლებს, ვინც დააკვირდება არჩევნებს, ჩამონათვალი ე.წ. გზამკვლევი, რა საკითხებს უნდა მიაქციონ ყურადღება ჩვენმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ან ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ ივანიშვილმა გაყალბება ვერ შეძლოს.

ამ შეხვედრებზე ხაზი გავუსვი იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ „გადავყლაპავ“ თუ წაგვართმევენ არჩევანს და ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ელჩი ჩავაყენე საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მეთოდს, რომელიც არის ცივილიზებული ბრძოლის მეთოდი, სამართლებრივი თუ ქუჩის პროტესტი, ყველა მეთოდს მივმართავ, რათა ჩემთვის მოცემული ხმა დაცული იყოს ბოლო ხმამდე და მე ამას ვპირდები ჩვენს მოსახლეობას“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი