ნინო ბურჯანაძე - კარგია, რომ არავინ დაშავდა, მაგრამ ეს არა ხელისუფლების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ოფისში იყო
ნინო ბურჯანაძე - კარგია, რომ არავინ დაშავდა, მაგრამ ეს არა ხელისუფლების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ოფისში იყო

კარგია, რომ არავინ დაშავდა, მაგრამ ეს არა ხელისუფლების, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც ოფისში იყო, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, როცა ფანჯრებიდან მიძვრები და გაზს იყენებ შენობაში, გასაგებია, რომ დიდი ალბათობით მიდიხარ მსხვერპლზე.

„იმდენად მშვიდობიანი იყო აქცია, ნამდვილად გაუმართლა ხელისუფლებას, რომ არავინ დაშავებულა მძიმედ. ნიკა მელია თუ არის კრიმინალი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა, გირაო რატომ შეუფარდეთ? რომელი კანონით ეფარდება სახელმწიფო გადატრიალების მომწყობს და პარლამენტის შტურმის მომწყობს გირაო? რატომ არ დაიჭირეთ თავის დროზე ხელისუფლებას მივმართავ, მაგრამ პოლიტიკურად როცა აწყობთ, მაშინ აკეთებენ ამას და ფარცხალაძე, რომელმაც მაღალი თანამდებობის პირი სცემა, ის არ არის კრიმინალი და ნიკა მელიაა კრიმინალი? შემირცხვენია ეგეთი მთავრობა და ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი სულმოკლეობის, თავისი შიშის თავისი კონფრომისტობის გამართლებას დაიწყებს იმით, რომ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ნინო ბურჯანაძემ საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, როდესაც აშშ აკეთებს განცხადებას, რომ შეძრწუნებულია იმით, რაც მოხდა, ეს არის ძალიან მძიმე, უმძიმესი შეფასება ხელისუფლების მოქმედების.

„ძალიან ვწუხვარ, ჩვენ დიქტატურისკენ მივდივართ და პრაქტიკულად უკვე ძალიან სერიოზული ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა, ამიტომ თითოეული ადამიანის ვალია, ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის დიქტატურას უბრალოდ წინ აღუდგეს. ახლა თუ იმდენი თავმოყვარეობა არა გვაქვს, რომ ამ დიქტატურაზე უარი ვთქვათ, თუ იმდენი ვაჟკაცობა არ გვყოფნის, რომ ვთქვათ, კი ბევრი რამ არ მოგვწონდა „ნაციონალური მოძრაობის“ და ბევრი რამ არასწორად იყო გაკეთებული, მაგრამ ეს არ არის საბაბი, რომ დღეს უსამართლოდ დაჩაგრული „ნაციონალური მოძრაობა“, უფრო სწორად სრულიად ოპოზიცია და სამართალი არ დაიცვა, თუ ამის გამბედაობა არ გყოფნის, მაშინ დიქტატურა მოვა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.