ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ვანო მერაბიშვილი უხერხულობას არავის შეუქმნის და „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრებზე არ მივა
ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ვანო მერაბიშვილი უხერხულობას არავის შეუქმნის და „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრებზე არ მივა

ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ვანო მერაბიშვილი უხერხულობას არავის შეუქმნის და „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრებზე არ მივა.

ნინო ბურჯანაძემ კომენტარი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისთან გააკეთა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა იმართება.

„მე მგონია, რომ ბატონი ვანო ამ მაგიდაზე არც მოვა, რადგან აქ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერები და იმედი მაქვს, რომ არავის უხერხულობას და მიუღებლობას ის თავისი მოსვლით არ შეუქმნის. რატომ ვიმარჩიელოთ, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას, მერე ვისაუბროთ. მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ მაგიდის ერთიანობა, აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ერთიანობა შენარჩუნდეს და დამატებითი პრობლემები მაგიდის ირგვლივ არ შეიქმნას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ ყოფილა.

„ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ ყოფილა, ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება, პოლიტპატიმარი არ იყო ადრე, მაგრამ ახლაც ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ პოლიტპატიმრის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, როგორც ეს მოხდა უგულავას შემთხვევაში. რატომ უნდა ვაკეთო ამდენი კომენტარი ვანო მერაბიშვილზე, ვერ ვხვდები, ადამიანს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიაში მიდის, მიდის თუ არა, რა სტატუსით, როგორ მიდის და რატომ უნდა ვაკეთო ამდენი კომენტარი“, – განაცხადა„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ამასთან, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილი ცუდი საქმეების შემსრულებელი იყო და არა პოლიტიკოსი.

„ვანო მერაბიშვილი არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი, ის იყო შემსრულებელი, შემსრულებელი ცუდი საქმეების. პოლიტიკოსობა ერთია, თუმცა ინდულგენცია არავისთვის არის და ის, რომ ეს მაგიდა შედგა, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურება, ხოლო არაპოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი იყო, რა თქმა უნდა, სხვა კრიტერიუმებს ექვემდებარებიან“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.