ნინო ბურჯანაძე - ილია მეორის კომენტარით გაოგნებული ვარ
ნინო ბურჯანაძე - ილია მეორის კომენტარით გაოგნებული ვარ

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მარიხუანას კულტივაციის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურება. ბურჯანაძე საკითხში ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს ხედავს და აცხადებს, რომ საზოგადოებამ კანონპროექტის დამტკიცება არ უნდა დაუშვას.

ბურჯანაძე ასევე უკმაყოფილოა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გუშინდელი ქადაგებით და მიიჩნევს, რომ ილია მეორეს უფრო მწვავედ უნდა დაეფიქსირებინა ეკლესიის პოზიცია.

„მარიხუანასთან დაკავშირებული ინიციატივის უკან დგას ორი რამ, პირველი, პირადად ივანიშვილისა და ხელისუფლების სურვილი სამუდამოდ გაიხანგრძლივოს ხელისუფლება და ვინაიდან ესმით ამ ვითარებაში ეს შეუძლებელია, მათი ამოცანაა, უკაცრავად ჟარგონისთვის, დაბოლილი და გაბრუებული ამყოფონ ნახევარი საქართველო და ადვილად მართონ.

მეორე, ესაა ფინანსური ინტერესი, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, ნებისმიერი ნარკოტიკის უკან, მათ შორის მარიხუანას უკან, დგას დიდი თანხები. ნარკობარონებიღა აკლდა საქართველოს. ესაა მცდელობა, ქვეყანა გადააქციონ კოლუმბიისა და ავღანეთის პრობლემების მატარებელ ქვეყანად, რომელიც ვერასდროს დალაგდება.

მიმძიმს ამის თქმა, გაოგნებული ვარ მისი უწმინდესობის კომენტარით. ვფიქრობ, ეკლესიამ უნდა აღიმაღლოს ხმა იმის მიმართ, რაც ახლა ხდება. არ მჯერა თქვენო უწმინდესობავ იმის, რომ ჩვენი შვილები უყვართ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში კანაფის მოყვანას გეგმავენ“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც ილია მეორემ გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, ნარკომანიასთან დაკავშირებული საკითხები კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს და მასზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.

ამასთან, პატრიარქის თქმით, „არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო, ხალხი, ვიდრე ხელისუფლებას, მათაც არანაკლებად უყვართ და სტკივათ გული“.