ნინო ბურჯანაძე - გვინდა, რომ ორი დაპირისპირებული ბლოკის ბაზები იყოს ერთი ბეწო საქართველოში? არის რამე არგუმენტი, როგორ გაგვყავს რუსული ბაზა და როგორ შემოგვყავს ამერიკული
ნინო ბურჯანაძე - გვინდა, რომ ორი დაპირისპირებული ბლოკის ბაზები იყოს ერთი ბეწო საქართველოში? არის რამე არგუმენტი, როგორ გაგვყავს რუსული ბაზა და როგორ შემოგვყავს ამერიკული

გვინდა, რომ ორი დაპირისპირებული ბლოკის ბაზები იყოს ერთი ბეწო საქართველოში? არის რამე არგუმენტი, როგორ გაგვყავს რუსული ბაზა და როგორ შემოგვყავს ამერიკული? – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ შეუერთდა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას, რომელიც მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით გაავრცელეს.

ბურჯანაძის განმარტებით, როდესაც ამერიკული სამხედრო ბაზების საქართველოში განთავსებაზე თავად ამერიკული მხარე არ საუბრობს, ამ თემის წამოწევა სწორი არ არის.

ამასთან, როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, მას დამატებითი არგუმენტები სჭირდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება რუსული ბაზების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

„ინფორმირებული ვიყავი ამ განცხადებასთან დაკავშირებით. წუხელ ვმსჯელობით და მე ჩემი პოზიცია წუხელ, გვიან ღამითაც დავაფიქსირე. ის, რომ რომელიმე ცალკეულ განცხადებაზე არ იქნება ცალკეული პარტიის ხელმოწერა, არ ნიშნავს ოპოზიციური ერთობის დარღვევას, მით უმეტეს ეს ვთქვათ ცოტა განსხვავდება საარჩევნო თემატიკისგან. ძირითად ნაწილში მე ამ წერილს ასე ვთქვათ, ვიზიარებ, მაგრამ იმ ნაწილში, სადაც ლაპარაკია ამერიკული ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსებაზე, ამოვდივარ იმ პოზიციიდან, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაშიც გახმოვანდა, რომ ამერიკის მხარე ამაზე ჯერ-ჯერობით არ ფიქრობს, არ საუბრობს და ეს საკითხი განხილული არ ყოფილა. როცა ეს საკითხი განხილვის დაწყების სტადიაშიც არ არის, მიმაჩნია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, საკითხის წამოწევა არ არის სწორი. ამასთან, მე მჭირდება ჩემი კოლეგების და მეგობრების აგანარგუმენტები, როგორ უყურებენ ისინი რუსული ბაზების თემას საქართველოში. რას ვაკეთებთ? ორი დაპირისპირებული ბლოკის ბაზები გვინდა, რომ ერთი ბეწო საქართველოში იყოს? თუ არის რამე არგუმენტი, როგორ გაგვყავს რუსული ბაზა და როგორ შემოგვყავს ამერიკული ბაზა? ეს ყველაფერი გასასვლელია. რუსულ ბაზებზე საუბარია აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ნინო ბურჯანაძის პარტია „ერთიანი საქართველო“ არ შეუერთდა. განცხადების ხელმომწერი პარტიები აცხადებენ, რომ აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და საქართველოში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს.