ნინო ბურჯანაძე - გაოგნებული ვარ იმ საშინელი ფორმით, რომლითაც თურმე ადამიანები გამოხატავენ აზრს „ფეისბუქში“
ნინო ბურჯანაძე - გაოგნებული ვარ იმ საშინელი ფორმით, რომლითაც თურმე ადამიანები გამოხატავენ აზრს „ფეისბუქში“

არ ვნახულობ უზრდელად დაწერილ პოსტებს, მით უმეტეს, თუ მე მეხება, რადგან არ ვთვლი, რომ უზრდელი ადამიანის აზრს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გაოგნებული ვარ იმ საშინელი ფორმით, რომლითაც თურმე ადამიანები გამოხატავენ თავის აზრს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განუცხადა.

„მინდა, ერთი მოწოდება გავაკეთო. მე პირადად არ ვმართავ ჩემს ფეისბუქგვერდს. ჩემი ადმინისტრატორი მართავს მას და ხშირად მოაქვთ ხოლმე ინფორმაცია, ხშირად კრიტიკული, თუმცა ისეთი, რომელიც კორექტულად არის დაწერილი. რა მაინტერესებს, იცით? ან კაცებს რა დაემართათ, რომლებიც თურმე, როგორც გავიგე, იწყევლებიან „ფეისბუქზე“, ან ქალებს რა გჭირთ, რა უბედურებაა ეს ურცხვი გინება. შვილებს რა უნდა უთხრათ? იქნებ, გავიხსენოთ, რომ კულტურული ერის პრეტენზია გვაქვს. მე არ ვნახულობ უზრდელად დაწერილ პოსტებს, მით უმეტეს, თუ ის მე მეხება, რადგან არ ვთვლი, რომ უზრდელი ადამიანის აზრს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გაოგნებული ვარ უბრალოდ იმ საშინელ ფორმაზე, რომლითაც თურმე ადამიანები გამოხატავენ თავის აზრს. ეს არის სამარცხვინო“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.