ნინო ბურჯანაძე - გამოვრიცხავ, რომ ვლადიმერ პუტინი შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც უფლებამოსილებას ოთხ თვეში ამთავრებს
ნინო ბურჯანაძე - გამოვრიცხავ, რომ ვლადიმერ პუტინი შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც უფლებამოსილებას ოთხ თვეში ამთავრებს

აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ პუტინი შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ოთხ თვეში ამთავრებს, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„რუსეთის მხრიდან არაფერი არ იგეგმება. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში ოთხი წელი იყო და რუსეთის ლანძღვა-გინების მეტი არაფერი გაუკეთებია. მას ხელახლა არჩევის არანაირი შანსი არ აქვს. მარგველაშვილმა განცხადების გაკეთება ოთხი წლით დააგვიანა და ეს აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა. ეს მისი მხრიდან პიარ ნაბიჯი იყო და მეტი არაფერი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის ასი წლის თავზე საქართველო არც დამოუკიდებელია, არც ერთიანი და არც ძლიერი.

„ძალიან ბევრმა ადამიანმა შესწირა თავი იმას, რომ საქართველო 26 მაისს დამოუკიდებელი ყოფილიყო, ქვეყანამ ძალიან ბევრი განსაცდელი გადაიტანა და მით უფრო დასანანია, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, როგორიც ჩვენს წინაპრებს უნდოდათ ყოფილიყო, ან ჩვენ გვინდა, რომ იყოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მომხდარი 26 მაისის მოვლენები დღემდე არ არის გამოძიებული და საქართველოს სამართლიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ესეც აფერხებს, რადგან სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ იზეიმებს, ქვეყანა ქვეყანას ვერ დაემსგავსება.