ნინო ბურჯანაძე - გამოსავალი ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია
ნინო ბურჯანაძე - გამოსავალი ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას მუდმივად აქვს იმედი, რომ ოპოზიციაში განხეთქილებას შემოიტანს – ამას ნამდვილად ვერ ახერხებს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლელოს“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერები მორიგ შეხვედრას მართავენ.

„ოპოზიციის წინადადებამ, რომელიც იქნა გადაცემული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის, ნამდვილად ნათლად დაანახა ელჩებსაც და საზოგადოებასაც, რომ ჩვენ ნამდვილად კრიზისიდან გამოსავალს ვეძებთ. ოღონდ ეს გამოსავალი ცხადია, ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს და გადაყლაპოს ის ძალიან მწარე ლუკმა, რასაც გაყალბებული არჩევნები ჰქვია. პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ნამდვილად არის დამოკიდებული „ქართულ ოცნებაზე“. რაც შეგვეხება ჩვენ – გავაგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ კონსულტაციებს და კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რათა მოვიპოვოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ კრიზისის დროს სიტუაციას ადეკვატრად ვერასდროს აღიქვამს.

„ოცნებისგან“ მოლოდინები არ მაქვს, რადგან სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ვერასდროს ადეკვატურად, ვერც ერთხელ კრიზისის დროს ვერ აღიქვამს სიტუაციას. ის, რომ კოვიდინფექცია დღეს საქართველოში პრაქტიკულად ერთ სულ მოსახლეზე ლამის მსოფლიოში ყველზე მეტად გავრცელებული და გამანადგურებელი არის, ეს პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მიუთითებს ხელისუფლების არაადეკვატურობას. ხელისუფლება ვერც ერთ კრიზისულ ვითარებაში ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ დგამს, რათა დაიცვას საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი მოსახლეობა და ქვეყანა გადაარჩინოს კრიზისებისგან. ასე რომ, არც ამ პოლიტიკურ კრიზისში ველოდები ოცნებისაგან რაიმე განსაკუთრებულს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი