ნინო ბურჯანაძე - ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და კითხვას სვამს, რატომ ვსხედვართ ერთ მაგიდასთან
ნინო ბურჯანაძე - ენა გააჩუმოს ყველამ, ვინც ბედავს და კითხვას სვამს, რატომ ვსხედვართ ერთ მაგიდასთან

რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა, იმის ვერც გამოსწორება შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ძალიან ბევრი ცუდი გადმოიღო, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის შენობასთან განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენეს.

„ძალიან ბევრი ადამიანისთვის დღევანდელი ღამე არის ემოციურად ძალიან მძიმე და ამავდროულად, სიამაყის საგანიც, რადგან ჩვენ ვიბრძოდით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი და ყოველ 26 მაისს შეხვედროდა მშვიდობიანი, წელში გამართული, ერთიანი და სამართლიანი. სამწუხაროა, რომ დღესაც ქვეყანაში იგივე რეალობაა, რაც იყო წლების წინ, ის ამოცანები და მიზნები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, ჯერაც არ არის განხორციელებული. არც სუვერენული ქვეყანა გვაქვს, არც ერთიანი, არც სამართლიანი, არც დემოკრატიული და არც ეკონომიკურად განვითარებული. რაც მთავარია, არ გვაქვს გარანტია, რომ ხვალ იგივე არ განმეორდება, რაც მოხდა 26 მაისს, როდესაც ხელისუფლებამ გასწირა საკუთარი ხალხი, როდესაც კი არ დაშალა მიტინგი, არამედ დასაჯა თავისი ხალხი. არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ვერავინ ვეღარ გაბედავს ადამიანების უსამართლოდ დასჯას, დაპატიმრებას, ცემას და ხელისუფლების მიტაცებას. რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა, იმის ვერც გამოსწორება შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ძალიან ბევრი ცუდი გადმოიღო. იმავე მეთოდებით აგრძელებს მართვას. ეს სამარცხვინო და სამწუხაროა. დღეს ქვეყანა ერთი ადამიანის ჯიბეშია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, უქმნის თუ არა დისკომფორტს ​„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკა არ არის კომფორტისა და დისკომფორტის ადგილი.

„რა თქმა უნდა, დისკომფორტი ძალიან დიდი არის, შეიძლება, იმ ადამიანებისთვისაც, მაგრამ პოლიტიკა არ არის კომფორტისა და დისკომფორტის ადგილი. არსებობს კონკრეტული მიზანი და ის, რომ დღეს ქვეყანა ერთი ადამიანის ჯიბეშია და წართმეული აქვს შესაძლებლობა, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის გაცილებით უფრო მაღალი საფრთხე. მნიშვნელოვანია, მიაღწიოთ, რომ აქ, რუსთაველზე კი არ იყოს თავპირის მტვრევა, არამედ პარლამეტში შევიდეს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს, დებატებით გადაწყდეს საკითხი, ამისთვის ვარ იმ ერთიან მაგიდასთან. ამიტომ ენა გააჩუმოს სულ ყველამ, ვინც ბედავს და კითხვას სვამს, რატომ ვსხედვართ იმ მაგიდასთან. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და რვა წელი გართული იყო ფლირტში „ნაცმოძარობასთან“, სანამ მის ტახტს არ დაეუფლა საფრთხე. ეს ემოციები არსად წასულა, არც ტკენა, არც წყენა, არც მიუღებლობა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.