ნინო ბურჯანაძე - ეჭვიც არ მეპარება ბატონი დანიელსონის კეთილგანწყობაში, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ უცხოელი პარტნიორები ბოლომდე ვერ იგებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სპეციფიკას
ნინო ბურჯანაძე - ეჭვიც არ მეპარება ბატონი დანიელსონის კეთილგანწყობაში, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ უცხოელი პარტნიორები ბოლომდე ვერ იგებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სპეციფიკას

ეჭვიც არ მეპარება ბატონი დანიელსონის კეთილგანწყობაში და სურვილში, კომპრომისი იყოს მიღწეული და ეს კომპრომისი მართლა ქართველი ხალხის გამარჯვება იყოს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ ეს გამარჯვება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სასამართლო რეფორმაზე და საარჩევნო კოდექსზე შეთანხმების თემები, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტვ პირველის“ განაცხადა.

კითხვაზე შედგება თუ არა შეთანხმება და მოაწერს თუ არა ოპოზიცია ხელს დანიელსონის მიერ წარმოდგენილ ტექსტს, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უცხოელი პარტნიორები ხშირად ბოლომდე ვერ იგებენ იმ სპეციფიკას, რაც ქვეყანაშია.

„ღმერთმა ქნას, მაგრამ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის? მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხდება ის, რაც ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც კეთილი სურვილების მიუხედავად, უცხოელი პარტნიორები რეალურად ვერ იგებენ ბოლომდე იმ სპეციფიკას, რაც არის ქვეყანაში და იმ პრობლემას, რაც არსებობს. მე ეჭვიც არ მეპარება ბატონი დანიელსონის კეთილგანწყობაში და სურვილში, რომ კომპრომისი იყოს მიღწეული და ეს კომპრომისი მართლა ქართველი ხალხის გამარჯვება იყოს, მაგრამ მას უნდა ესმოდეს უბრალოდ, რომ ეს გამარჯვება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება სასამართლო რეფორმაზე და საარჩევნო კოდექსზე შეთანხმების თემები. მე საერთოდ არ ვიხილავ ამ თემებს სერიოზულად ამ ვითარებაში, არა იმიტომ, რომ არ მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, არამედ სწორედ პირიქით, ძალიან კარგად მესმის რამდენად მნიშვნელოვანია და ძალიან კარგად ვიცი, რომ არანაირი სასამართლო რეფორმა არ ჩატარდება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, რა განსხვავებაა დანიელსონის პირველ და მეორე ვიზიტს შორის, რა ახალი რეალობაა, რამაც შეიძლება, შეცვალოს ვითარება, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ასეთ განსხვავებას ვერ ხედავს.

„მე ვერ ვხედავ ასეთს, ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ, ბუნებრივია, როდესაც პირველი ვიზიტი დასრულდა ნულოვანი შედეგით, პრაქტიკულად ევროპის პრესტიჟია, პრეზიდენტ მიშელისა და თავად დანიელსონის პრესტიჟია, რომ შეთანხმება მიღწეული იყოს. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ ბუნებრივია, პატივისცემის მიუხედავად, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება რაიმე ნაბიჯი გადადგმული, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის ოპოზიციის მთავარ ამოცანებთან. მე უბრალოდ ერთი ფრაზით დავასრულებ წინა წინადადებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში სასამართლო რეფორმა და ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, დღეს ამ დღეში არ ვიქნებოდით, რადგან არჩევნები უბრალოდ ვერ გაყალბდებოდა, მაგრამ ხელისუფლება, რომელმაც რვა წლის განმავლობაში კიდევ უფრო მიწაში ღრმად ჩადო სასამართლო, კიდევ უფრო გააუარესა სასამართლო სისტემა, ვერავითარ შემთხვევაში, სურვილი რომც ჰქონდეს, ვერ შეძლებს გამოსწორებას და მით უფრო, როცა ვიცით, რომ სურვილი არ არის. იგივე არჩევნებთან დაკავშირებით და საარჩევნო კოდექსზე, ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსში ის ცვლილებები დაანონსებული ჰქონდა 2012 წელს, რომელ ცვლილებებსაც ახლა გველაპარაკება და დღეს 2021 წელია. ამიტომ ეს თემები შეიძლება, გადავიდეს მხოლოდ და მხოლოდ სამსჯელოდ მას შემდეგ, რაც დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, განთავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და პოლიტიკური დევნა შეწყდება“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.