ნინო ბურჯანაძე - დიპლომატების შემოთავაზებულ წინადადებას მივიტანთ ოპოზიციური ლიდერების მოლაპარაკების მაგიდასთან და შემდეგ შეხვედრაზე დავაფიქსირებთ პოზიციებს
ნინო ბურჯანაძე - დიპლომატების შემოთავაზებულ წინადადებას მივიტანთ ოპოზიციური ლიდერების მოლაპარაკების მაგიდასთან და შემდეგ შეხვედრაზე დავაფიქსირებთ პოზიციებს

ვაგრძელებთ ბრძოლას პროპორციული სისტემის თუ არა გერმანული მოდელისათვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განუცხადა.

„არავის მივცემთ საშუალებას, რომ გაამართლოს უმოქმედობა და ძველი სისტემის დატოვება. ჩვენ ბუნებრივია, ვაგრძელებთ ბრძოლას პროპორციული სისტემის თუ არა გერმანული მოდელისათვის. ჩვენ უახლოეს ხანებში ველოდებით დასკვნას დასავლელი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ოპოზიციური ლიდერები დარწმუნებული ვართ იმაში, რომ გერმანული მოდელი აბსოლუტურად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, ამიტომ ძალიან მშვიდად ვართ ამ მოლოდინში. მაგრამ რადგან ხელისუფლება ჯერჯერობით ამას კატეგორიულად არ იზიარებს, დიპლომატებმა შემოგვთავაზეს წინადადება, რომ განხილული იქნას ჩვენს მიერ შეტანილი კანონპროექტის ერთი კომპონენტი, რაც მაჟორიტარულ სისტემას ეხება. ჩვენ ამ წინადადებას ბუნებრივია, მივიტანთ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც ოპოზიციური ლიდერები სხედან. ბუნებრივია, დღეს არ ვიყავით უფლებამოსილი, რაიმე პასუხი გაგვეცა მათთან კონსულტაციის გარეშე და შემდეგ შეხვედრაზე ჩვენს პოზიციებს დავაფიქსირებთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.