ნინო ბურჯანაძე - დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ ხელისუფლება თუ დაგვარიგებს, რომ „გერმანული მოდელი“ ანტიკონსტიტუციურია, ეს პროცესი ჩაიშლება
ნინო ბურჯანაძე - დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ ხელისუფლება თუ დაგვარიგებს, რომ „გერმანული მოდელი“ ანტიკონსტიტუციურია, ეს პროცესი ჩაიშლება

მე დიალოგის მომხრე ვარ, მაგრამ დიალოგი არ უნდა შედგეს მხოლოდ დიალოგისთვის, მნიშვნელოვანია, იყოს ხელისუფლების მზაობა, კონკრეტული საკითხები განვიხილოთ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ხვალ დაგეგმილ შეხვედრასთან  დაკავშირებით.

ამასთან, მისი თქმით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობენ საუბარს, რომ ოპოზიციას შეხვედრაზე დიპლომატების ხათრით იწვევენ და „გერმანული მოდელი“ ანტიკონსტიტუციურია, პროცესი ჩაიშლება.

„დარწმუნებული ვარ, ყველა დაუჭერს მხარს დიალოგს. ხელისუფლების წარმომადგენლები, კობახიძე და წულუკიანი თუ გააგრძელებენ იმ განცხადებების გაკეთებას, რომ იქ გვეპატიჟებიან ელჩების ხათრით, მაგრამ იმისთვის, დაგვარიგონ და აგვიხსნან, რომ ეს ანტიკონსტიტუციური მოდელია და დიალოგი დახურულია, თუ ამ განცხადებებს გააკეთებენ, ეს პროცესი ჩაიშლება.

ელემენტარული, ადამიანური ზრდილობაა, სტუმრად რომ ვინმეს ეპატიჟები, წინასწარ არ უთხრა, რომ უარით გაგისტუმრებ. პოლიტიკური კორექტულობა და გონივრულობა არის, რომ სანამ დიალოგის მაგიდასთან დაჯდები, მანამ არ გააკეთო განცხადება, რომ არაფერზე დავეთანხმებიო. გავიგე, რომ პოლიტიკური ანა-ბანა უნდა ვასწავლო დღევანდელ ხელისუფლებას და არამარტო მათ, მაგრამ ზრდილობაც თუ უნდა მესწავლებინა და ელემენტარული წესები, როცა სტუმარს ეპატიჟები როგორ მოიქცე, ეს აღარ ვიცოდი სიმართლე გითხრათ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ, დღის პირველ ნახევარში შედგება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან.