ნინო ბურჯანაძე - დღევანდელ ვითარებაში დასავლეთის კრიტიკული მოსაზრებები სამართლიანია
ნინო ბურჯანაძე - დღევანდელ ვითარებაში დასავლეთის კრიტიკული მოსაზრებები სამართლიანია

ნებისმიერი სამართლიანი კრიტიკა უნდა მიიღო ადამიანმაც, სახელმწიფომაც, პოლიტიკურმა ძალამაც, თუ ეს კრიტიკა არის უსამართლო, მაშინ უნდა შეეცადო, კრიტიკის ავტორს  ეს აუხსნა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ბურჯანაძის თქმით, არ ფიქრობს, რომ დასავლეთის მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები დღევანდელ ვითარებაში უსამართლოა.

„არ ვიცი, რას გულისხმობდა ქალბატონი სალომე, როდესაც ლაპარაკობდა დასავლეთის უსამართლო კრიტიკაზე დღევანდელ ვითარებაში. დღეს მე არ ვთვლი, რომ დასავლეთის მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები არის უსამართლო, რადგან დღევანდელი ვითარება ქვეყანაში ძალიან მძიმეა, არის ძალიან კრიტიკული და დასავლეთი, რა თქმა უნდა, შოკის რეაქციაშია მას შემდეგ, რაც ამ წლის 14 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოატყუა მთელი ქართული საზოგადოება, მოატყუა დასავლეთი, რომ მომავალი არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ კრიტიკა არის, კრიტიკა არის ძალიან მწვავე და მე ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკა მისაღებია“ ,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის აზრით, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, არაფერს აკეთებს, რათა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში რეალურად ჩაერთოს.

„დასავლეთის ფასეულობების კრიტიკულად მიღებას საქართველოს მოსახლეობის მხრიდან გამოიწვევს არა კრიტიკა, არამედ ის, როდესაც დასავლურ ფასეულობად სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ან ხელისუფლება ასაღებს იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება, არასამართლიან არჩევნებს, მედიის ცენზურის შემოღების მცდელობას, პოლიტიკურად მოტივირებულ პროკურორებს და მოსამართლეებს. თუ ეს დამკვიდრდება ქვეყანაში, ამას დაერქმევა დასავლური ფასეულობა და დაერქმევა, რომ უსამართლო ქვეყანაში ცხოვრობ, მაგრამ თურმე ასეთია დასავლური ქვეყანა, მაშინ, რა თქმა უნდა, დასავლეთის მიმართ კითხვის ნიშნები და ნეგატივი გაჩნდება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც გაკრიტიკებენ და გეუბნებიან, რომ უკეთესი იყავიო“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალი ხედვისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უცხოელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კრიტიკა გასაგებია, საჭიროც არის და ამაში უჩვეულო არაფერია, თუმცა საჭიროა ბალანსი.