ნინო ბურჯანაძე - ჩვენი ქმედებები მიმართულია პოლიტიკური კრიზისის არა გამწვავებისკენ, არამედ გამოსავლის ძებნისკენ
ჩვენი ქმედებები მიმართულია პოლიტიკური კრიზისის არა გამწვავებისკენ, არამედ გამოსავლის ძებნისკენ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან გუშინდელ შეხვედრაზე ოპოზიცია ძალიან კონსტრუქციული იყო.
„დღეს ჩვენ კოლეგებს მოუთხრეთ გუშინდელი შეხვედრის შესახებ. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ აქციები სხვადასხვა ფორმით არ შეწყდება. მომავალი კვირიდან დაიწყება გასვლები რეგიონებში. ერთ-ერთი პირველი იქნება ქუთაისი. ჩვენ მომხრეებს მოვუწოდებთ, რომ თავისი პროტესტი გამოხატონ იმ უმსგავსობასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლება აკეთებს. სწორია, რომ მარტო თბილისი არ იყოს ეპიცენტრი.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარლამენტი აპირებს მოსამართლეების იმ შემადგენლობის განხილვას, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ის თემაა სადაც, დიდი და პატარა, ნებისმიერი პოლიტიკური შინაარსიდან დაცლილი ადამიანი უნდა გამოხატავდეს თავის პროტესტს, რადგან ეს არის საქართველოს ხვალინდელი დღის ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ დაყენება“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. როგორც ბურჯანაძე ამბობს, დიდი აქციის თარიღზე ჯერ არ ჩამოყალიბებულან.
„ბუნებრივია, არ მოხსნილა დღის წესრიგიდან დიდი აქციის საკითხი, თუმცა დიდი აქცია, რა თქმა უნდა, ვერ იქნება თვითმიზანი. უბრალოდ, პროცესი უნდა წავიდეს ისე, რომ ერთის მხრივ ჩვენ ხელისუფლებას ძალიან ნათლად ავუხსნათ, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება. მეორეს მხრივ, ხელისუფლებას მართლაც უნდა ჰქონდეს იმის შანსი, რომ გადმოდგას წინ ერთი ნაბიჯი.
ვინაიდან არ გვინდა რევოლუცია, არ გვინდა ქვეყნის არასტაბილურობა და გვინდა, ხელისუფლებას მივცეთ შანსი, რომ შეასრულოს თავისივე გატეხილი სიტყვა, ის რაც დაჰპირდა ხალხს, ვფიქრობ, რომ ძალიან გონივრული და გაწონასწორებული გეგმა არის შედგენილი
ფართომასშტაბიან აქციის თარიღზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. როგორც კი იქნება ჩამოყალიბებული, საზოგადოებას წინასწარ ვაცნობებთ“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.
კითხვაზე, მოახდენენ თუ არა ხვალ პარლამენტის პიკეტირებას, ბურჯანაძე ამბობს, რომ პარლამენტარებს მუდმივი დისკომფორტის განცდა უნდა ჰქონდეთ, რადგან ხალხს შეურაცხმყოფელად ექცევიან.
„პროტესტი ყველა შემთხვევაში იქნება, რადგან ნამდვილად ვთვლი, რომ ჩვენი პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა ისე მოიქცა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ მუდმივი დისკომფორტი. ეს ადამიანები შეურაცხმყოფელად ექცევიან საკუთარ ხალხს“,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.