ნინო ბურჯანაძე - ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვესაუბროთ ოსებს და აფხაზებს, რუსებს არასდროს უთქვამთ, რომ დიალოგი არ სურთ 
ნინო ბურჯანაძე - ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვესაუბროთ ოსებს და აფხაზებს, რუსებს არასდროს უთქვამთ, რომ დიალოგი არ სურთ 

2008 წლის აგვისტოს ომი იყო ტრაგედია, არა მარტო ადამიანური, არამედ ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი ტრაგედია, რომელსაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვა, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მძიმეა გაცნობიერება, რომ ათი წელი გავიდა ტრაგედიიდან, რომელიც საქართველოს 2008 წელს დაატყდა თავს.

„ამ ომის შეფასება ერთმნიშვნელოვანია – ეს იყო დიდი ტრაგედია, არა მარტო ადამიანური, არამედ ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი ტრაგედია, რომელსაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვა, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ 10 წლის შემდეგაც ჩვენ ყველანი უნდა ვფიქრობდეთ, რომ არ ვართ პირნათელი ამ დაღუპული ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების წინაშე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, სამარცხვინოა, რომ 10 წლის განმავლობაში ხელისუფლებებმა ვერ შეძლეს ვერც ერთი ნაბიჯის გადადგმა უმძიმესი პრობლემის მოგვარების მიმართულებით, რისთვისაც ეს ახალგაზრდები დაიღუპნენ.

„სამარცხვინოა, რომ დღეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს კონფლიქტების დარეგულირების თვალსაზრისით ნაბიჯების გადასადგმელად და სამარცხვინოა, რომ 10 წლის შემდეგ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვიყავით 2008 წელს, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურად უუნარობის, უპასუხისმგებლობის და არაკომპეტენტურობის გამო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, უპირველესად, პასუხი უნდა ეგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ ომში არიან დამნაშავენი, ასევე ქვეყნის წინსვლისთვის გაბედული ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო.

„უპირველეს ყოვლისა, გამბედავი ნაბიჯები არის პირდაპირი დიალოგის დაწყება ოსებთან და აფხაზებთან, რადგან პირდაპირი დიალოგისა და ნდობის აღდგენის გარეშე, შეუძლებელია რამე ნაბიჯი წინ გადაიდგას და ეს ძმათა მკვლელი ომი იყო, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ასევე, უნდა დაწყებულიყო სერიოზული და სრულმასშტაბიანი მოლაპარაკება რუსეთთან, რათა დღეს არ ვიყოთ იმ რეალობაში, რომ მავთულხლართები იყოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რუსებს არასდროს უთქვამთ, რომ დიალოგი არ სურთ.

„ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვესაუბროთ ოსებს და აფხაზებს, რუსებს არასდროს უთქვამთ, რომ დიალოგი არ უნდათ. პირიქით ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ დასალაპარაკებლად ნებისმიერ თემებზე და არ არსებობდა დახურული თემები რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ეს ჩემთან შეხვედრის დროს ითქვა, როგორც მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის მხრიდან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, ოღონდ ეს საუბარი არავინ ისურვა. ჩვენი პასუხი იყო, რომ ჯერ ჩვენს მეგობრებს ვკითხავთ, დაგელაპარაკოთ თუ არა და მერე დაგელაპარაკებით“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.