ნინო ბურჯანაძე - ჩემი ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ნაციონალებთან დგომა მიუღებელი იყო, მიხვდნენ, რომ ახლა ერთობაა საჭირო
ნინო ბურჯანაძე - ჩემი ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ნაციონალებთან დგომა მიუღებელი იყო, მიხვდნენ, რომ ახლა ერთობაა საჭირო

ჩემი ახალგაზრდები, რომლებისთვისაც ნაციონალებთან დგომა აბსოლუტურად მიუღებელი იყო, მიხვდნენ, რომ ახლა ერთობაა საჭირო, ყველა ერთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, ასე დავარქვათ, პროდასავლური ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ახლა, ამ პროცესში ბურჯანაძეც საჭიროა და ყველა ერთად უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, „ანტიოკუპაციურმა მოძრაობამ“ რუსეთში ჩემ ვიზიტთან დაკავშირებით მკვეთრი განცხადება გააკეთა, ეს მაინც ძალიან კორექტული განცხადება იყო და თქვეს, რომ ახლა, ერთობა საჭიროა. მათ ამისთვის მადლობაც გადავუხადე“, – განაცხადა ბურჯანაძემ. 

ამ განცხადებით ნინო ბურჯანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, მისი ამომრჩევლების წინაშე სტრატეგიულად რამდენად სწორია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბრძოლა.

მისი თქმით, ეს არის ერთობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცეს საშუალება, თვითონ აირჩიოს, ვინ უნდა იყოს პარლამენტში.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სხვანაირად, ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ. მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ჩემი ამომრჩეველი რამდენ ხმასაც მომცემს, იმდენი ხმით შევიდე პარლამენტში და მომწონს ეს თუ არა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვინც აძლევს ხმას, ისიც იმდენი ხმით უნდა შევიდეს. იმიტომ, თუ ამას არ გააკეთებ და პარლამენტში არ შეუშვებ პარტიას იმ პროცენტით, რა პროცენტითაც მოსახლეობა სინამდვილეში უჭერს მხარს, რუსთაველზე სულ გექნება ვაი-უშველებელი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ქვეყნისთვის სწორად მიაჩნია.

„მე არ ვმალავ და მაგიდასთან „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ ვეუბნები, რომ არ მინდა, ხელისუფლებაში მობრუნდეთ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხელისუფლებაში არ მოხვიდეთთქო. ალბათ, ისინიც ყველაფერს გააკეთებენ, რომ ბურჯანაძე არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამავდროულად, არ მინდა, ქვეყანას ჰყავდეს მონარქი ლუდოვიკო მეთოთხმეტესავით. რა უფრო მნიშვნელოვანია, შენ რომ გაბრაზდი და ვიღაცაზე გაბრაზებული ხარ (სამართლიანად თუ უსამართლოდ, ეს მეორე თემაა) თუ ის, რაც ქვეყნისთვის სწორად მიგაჩნია?!“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.