ნინო ბურჯანაძე - არჩილ თალაკვაძის განცხადება ულტიმატუმს ჰგავს, რომლის მორალური უფლება ხელისუფლებას არ აქვს
ნინო ბურჯანაძე - არჩილ თალაკვაძის განცხადება ულტიმატუმს ჰგავს, რომლის მორალური უფლება ხელისუფლებას არ აქვს

ეს ულტიმატუმს უფრო ჰგავს, რომლის მორალური უფლება ხელისუფლებას არ აქვს, – ასე აფასებს „დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას, რომ თუ ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეთავაზებას არ დათანხმდება, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს დაიხურება.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის თვითმიზანი არ არის მოლაპარაკებების რაუნდის დასრულება.

„ოპოზიცია არის ძალიან კონსტრუქციულად განწყობილი. ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის რაუნდის დასრულება და გვექნება წინადადებები, რომელზეც ძალიან გაუჭირდება ხელისუფლებას უარის თქმა, თუ მართლა მინიმალური სურვილი მაინც აქვს არჩევნების ნორმალურად ჩატარების. მესმის, რომ მათ დათმობაზე წასვლა არ უნდათ, რადგან იციან, არ აქვთ უმრავლესობის მიღების შანსი ამ არჩევნებზე. მათი ამოცანაა, რომ ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ისეთი სისტემა, როდესაც 30%-ის აღების შემთხვევაშიც ექნებათ უმრავლესობა, მაგრამ ეს ნამდვილად არ შედის ოპოზიციის ინტერესებში. ჩვენ გვინდა სამართლიანი არჩევნები და პროპორციული, ან მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებული არჩევნები.

ხელისუფლების განწყობა პირველ რაუნდამდეც ასეთი იყო, რომ მათ პირველივე რაუნდისას უნდოდათ ჩაეშალათ მოლაპარაკებები, ახლაც უნდათ, რომ მაქსიმალურად დროზე დაამთავრონ, რადგან იმედი აქვთ, რომ ეს საერთაშორისო და საშინაო წნეხი ასეთ შემთხვევაში დამთავრდება, მაგრამ ძალიან ცდებიან. მინდა, რომ ხელისუფლება გონივრულად მოიქცეს და არ მიიყვანოს საქმე ვითარების უკიდურეს გამწვავებამდე“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია არის ერთიანი, როგორც არასდროს.

„ვთანამშრომლობ კარგ ფორმატში ლეიბორისტული პარტიის ოფისში, იქ არის აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია. ბატონი შალვას წყალობით ნამდვილად კომფორტულად ვგრძნობთ თავს ლეიბორისტულ პარტიაში და ვფიქრობ ახლა, როდესაც ოპოზიცია არის ერთიანი, როგორც არასდროს, როდესაც არის ნამდვილად მნიშვნელოვანი რაუნდები წინ, რაიმე ტიპის ექსპერიმენტების და ამ ტიპის განცხადებების დრო ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების ასახვას ყველაზე ცოტა სამი თვე სჭირდება.

„საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ოპოზიცია თუ არ დათანხმდება ჩვენს შეთავაზებას, შეთანხმების ფანჯარა უკვე თებერვლის ბოლოს იხურება, რადგან დრო აღარ გვრჩება ფიზიკურად, რომ პარლამენტმა ეს ცვლილებები ასახოს კანონმდებლობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.