ნინო ბურჯანაძე არჩევნების მეორე ტურში გიგი უგულავას მხარდასაჭერად ფოთში ჩავიდა
„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა და „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ფოთში, ბერდიანსკის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ.
გიგი უგულავამ საარჩევნო პროგრამა მიმოიხილა, პრიორიტეტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ბურჯანაძის თქმით, ფოთში უგულავას მხარდასაჭერად მივიდა. მისი შეფასებით, სწორედ გიგი უგულავაა ის კანდიდატი, რომელიც ფოთელების ღირსეულ მერობას შეძლებს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ფოთის მცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. ჩამოვედი იმისთვის, რომ ამ ადამიანებს შევხვედროდი და მხარი დამეჭირა საერთო ოპოზიციური კანდიდატისთვის, გიგი უგულავასთვის ფოთის მერად. დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან კარგი მერი იქნება, რადგანაც, მიუხედავად განსხვავებებისა; ხშირად კამათისა, რაც მე და გიგის გვქონდა ხოლმე, ყოველთვის ობიექტურად ვამბობდი, რომ ის იყო ნამდვილად კარგი მერი თბილისის, ძალიან ბევრი რამ გააკეთა.
ძალიან საინტერესო პროექტები და გეგმები გამაცნო, რაც აქვს უკვე ჩამოყალიბებული ფოთთან დაკავშირებით. ფოთს პატრონი ნამდვილად სჭირდება, რადგან უპატრონო და მიტოვებული ქალაქია. ასევე, რაც ვთხოვე ფოთელებს, ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა, რადგანაც უკიდურესი აუცილებლობაა, რომ ახლა ყველანი გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალოს და ქვეყანას რეალური პერსპექტივა მიეცეს. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფოთში მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის, გიგი უგულავას გამარჯვება. მოვუწოდებ ფოთელებს, რომ მხარი დაუჭირონ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.