ნინო ბურჯანაძე – არჩევნების ლეგიტიმურობა არის საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი
მე როგორც ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ორგზის გიდასტურებთ, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამას არ წყვეტს, ამას წყვეტს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობა საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია.
„არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი მსგავს განცხადებას არ აკეთებს და ვერც გააკეთებს, არჩევნების ლეგიტიმურობა არის საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტი, ეს ეუთო/ოდირის თავმჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, მე როგორც ეუთო/ოდირის საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ორგზის გიდასტურებთ, რომ არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამას არ წყვეტს, ამას წყვეტს ქართველი ხალხი“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
უთო-ოდირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასება დღეს გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა არსებითად შეცვლილ სამართლებრივ ჩარჩოში, რასაც წინ უძღოდა ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციები, რამაც მოიტანა ზოგიერთი გაუმჯობესება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა საჭიროა მეტი ძალისხმევა რათა ხარვეზები აღმოიფხვრას.