ნინო ბურჯანაძე - არ ვებრძვი „პატრიოტთა ალიანსს“, არც ვაპირებ, თუ ეს პარტია „ქართულ ოცნებას“ შეებრძოლება და არა ოპოზიციას
ნინო ბურჯანაძე - არ ვებრძვი „პატრიოტთა ალიანსს“, არც ვაპირებ, თუ ეს პარტია „ქართულ ოცნებას“ შეებრძოლება და არა ოპოზიციას

მე არ ვებრძვი „პატრიოტთა ალიანსს“, მით უმეტეს, ქალბატონ ირმას და არც შევებრძოლები, თუ ეს პარტია „ქართულ ოცნებას“ შეებრძოლება და არა ოპოზიციას, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ჩემი ამოცანა არასოდეს ყოფილა რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან ბრძოლა. სხვათა შორის, ახლაც, როცა გვსაყვედურობენ და გვეუბნებიან, ახლა, ამ წინასაარჩევნოდ რატომ არ ებრძვით „ნაციონალურ მოძრაობასო“, მე ვამბობ – ოპოზიცია უნდა ებრძოდეს ხელისუფლებას. ოპოზიცია, რომელიც ოპოზიციას ებრძვის, მისთვის ეს ოპოზიცია რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, არღვევს პოლიტიკურ ლოგიკას, რადგან დედამიწის ზურგზე ოპოზიცია ოპოზიციას არსად არ ებრძვის და ოპოზიცია ხელისუფლებას ებრძვის. მე რომ ახლა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შევებრძოლო, იქნება ეს ქალბატონ ინაშვილის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, ბატონი კახა კუკავას პარტია თუ სხვა, ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა იქნება, რასაც მე უბრალოდ, არ ვაპირებ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ამ განცხადებით ნინო ბურჯანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ებრძვის თუ არა ის „პატრიოტთა ალიანსს“ და ირმა ინაშვილის მიერ 2017 წელს გაკეთებული განცხადებიდან ციტატა მოიყვანა, სადაც ინაშვილი ამბობს, რომ ბურჯანაძე ებრძვის არა „ქართულ ოცნებას“, არამედ „პატრიოტთა ალიანსს“. 

ნინო ბურჯანაძემ ასევე განაცხადა, რომ 2016 წელს უბნები ხელახლა რომ გადათვლილიყო, პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“ იქნებოდა თუ „ერთიანი საქართველო“, მისთვის ეს საკითხავი არ არის.

„პრინციპში, ეს ჩემთვის საკითხავიც არ არის, სიმართლე გითხრათ, მაგრამ არა უშავს. რაც არის, არის. ამას უკან ვეღარ დავაბრუნებთ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, თუ ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, რატომ არის ირმა ინაშვილის პარტია უფრო მისაღები ბიძინა ივანიშვილისთვის, ხოლო ნინო ბურჯანაძის პარტია არა, „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მისი აზრით, წამყვანმა ამ კითხვაზე პასუხი უკვე იცის.

„ვერ გეტყვით. უფრო სწორად, მე ვიცი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია ბურჯანაძე თავისი გამოცდილებით, კონტაქტებით და ასე შემდეგ. მე არ ვიმართები. ბიძინა ივანიშვილმა ეს ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ირმა ინაშვილი ადვილად სამართავია, ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ირმა ინაშვილთან ძალიან ნორმალური და კეთილი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ მას არ ეწყინება, თუ იტყვის, რომ ბურჯანაძის კონტაქტები გაცილებით ფართოა და ეს მას მეტი მანევრირების საშუალებას აძლევს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს.

„ვფიქრობ, ქალბატონ ირმას არ ეწყინება, თუ ვიტყვი, რომ ის კონტაქტები, რაც მაქვს მე, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, სამხრეთში თუ რუსეთში, გაცილებით ფართო კონტაქტებია და გაცილებით მეტი მანევრირების საშუალებას მაძლევს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დატოვე კომენტარი