ნინო ბურჯანაძე - ამიხსენით, რატომ ვარ პრორუსული პარტია, როცა ვამბობ, ქვეყანა უნდა გავაერთიანო, გავაძლიერო და ეს მოლაპარაკების გზით უნდა გავაკეთო
ნინო ბურჯანაძე - ამიხსენით, რატომ ვარ პრორუსული პარტია, როცა ვამბობ, ქვეყანა უნდა გავაერთიანო, გავაძლიერო და ეს მოლაპარაკების გზით უნდა გავაკეთო

ამიხსენით, რატომ ვარ პრორუსული პარტია, როცა ვამბობ, რომ ქვეყანა უნდა გავაერთიანო, გავაძლიერო, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარი უნდა გავიყვანო და ეს მოლაპარაკების გზით უნდა გავაკეთო, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა აბსოლუტური ისტერია, როცა ანალიზს არავინ აკეთებს, თუ რა ხდება რუსეთთან მიმართებაში სინამდვილეში, ან, რას გვთავაზობს ე.წ. პრორუსული პარტია“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, შეკითხვაზე, უნდათ თუ არა მათ საქართველოს ნატო-ში შესვლა, თანხმობას არც ერთი ადამიანი არ აფიქსირებდა, ხოლო შეკითხვაზე, გვჭირდება თუ არა ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ამბობდა, რომ ჩვენ ეს გვჭირდება.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, გურამ ნიკოლაშვილის შეკითხვაზე, რა არის რუსეთთან დაახლოების ფორმულა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ დიპლომატიასა და პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, რაც დიპლომატიის ელემენტარული წესია.

„საუკუნეების განმავლობაში ჩვენ და თურქები მოსისხლე მტრები ვიყავით, მაგრამ თურქეთის პოლიტიკურ ელიტასთან და დიპლომატებთან, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. რეალობა შეიცვალა და დღეს, თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. სხვათა შორის, თურქეთს აჭარა რომ ჰქონდა მიტაცებული ვინ დააბრუნა?! ეს არასდროს მითქვამს და არც ახლა მინდოდა თქმა, მაგრამ აჭარა ჩვენ დავიბრუნეთ?! ცოტა რუსებიც ხომ არ მოგვეხმარნენ?!“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში პრობლემების ორი გზა არსებობს – თუ შეგიძლია, ძალას გამოიყენებ, მეორე გზა კი, მოლაპარაკებაა.

„ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს რუსებს რომ დალაპარაკებოდა და როცა პუტინმა თქვა, საქართველოს ლიდერს შევხვდებიო, მარგველაშვილს რომ არ ეთქვა, ჯერ ამერიკელებს ვკითხავ და შევხვდები თუ არა, მერე გადავწყვეტო და არჩევნებამდე ორი თვით ადრე რომ არ ეთქვა, რუსეთთან შეხვედრისთვის მზად ვარო, დღეს ის საზღვარი, სადაც გადმოწეულია, ძალიან დიდი ალბათობით, გადმოწეული არ იქნებოდა. მე ამის მომხრე არ ვიქნები, მაგრამ თუ შეგიძლიათ, მიაყენეთ ჯარი და რუსული ჯარები გაწიეთ იმ ტერიტორიებიდან, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ. ჩვენ ეს უკვე ვცადეთ და ამან დაგვაქცია. მსოფლიო პრაქტიკაში და დიპლომატიაში სხვა გზა არ არსებობს – ან, ძალით უნდა გაიყვანო, ან, მოლაპარაკებით. მე მოლაპარაკებას გთავაზობთ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.