ნინო ბურჯანაძე - ადამიანები თუ დაკარგავენ იმედს, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეიცვლება, ამას მოჰყვება არასტაბილურობა, რევოლუციური მოვლენები
ნინო ბურჯანაძე - ადამიანები თუ დაკარგავენ იმედს, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეიცვლება, ამას მოჰყვება არასტაბილურობა, რევოლუციური მოვლენები

ჯერჯერობით ვეცადოთ, ოღონდ, თუ ხელისუფლება ყველა გზით იბრძოლებს, ადამიანებმა თუ დაკარგეს იმის განცდა და იმედი, რომ ხელისუფლება არჩევნებით შეიძლება, შეიცვალოს, ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება არასტაბილურობა, რევოლუციური მოვლენები, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „არის თუ არა არჩევნები რეალური გზა ხელისუფლების შესაცვლელად“.

„მოდით, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ვეცადოთ. ოღონდ, თუ ხელისუფლება ყველა გზით იბრძოლებს, ასეთ შემთხვევაში ადამიანებმა თუ დაკარგეს იმის განცდა და იმედი, რომ არჩევნებით შეიძლება ხელისუფლება შეიცვალოს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან ცუდი. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება არასტაბილურობა, რევოლუციური მოვლენები, მე ამის მსურველი ნამდვილად არ გახლავართ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, თუ ოპოზიციური ლიდერების უსაფუძვლოდ დაპატიმრების პროცესი გაგრძელდა, არჩევნების ლეგიტიმაცია შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„თუ გაგრძელდა ლიდერების დაპატიმრება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ან ისეთი ბრალდებებით, რომლის გამოც შეიძლება, მათ მიმართ საქმე აღძრულიყო 7 წლის წინ, ოღონდ დღეს გაახსენდა ხელისუფლებას, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არჩევნების ლეგიტიმაცია შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გონს მოდით. ნამდვილად არ შედის ჩემს ინტერესში არც რევოლუცია, არც ამ ხელისუფლების ჩამოშლა და ჩამონგრევა. იმიტომ, რომ ხელისუფლების ჩამოშლა და ჩამონგრევა ქვეყნისთვის არის ცუდი. ან გააკეთეთ ისე, რომ სამართლიანად მოიგოთ არჩევნები, თუ ამის თავი გაქვთ ან წაგების შემთხვევაში გააკეთეთ ისე, რომ სამართლიანი გადაცემა მოხდეს ხელისუფლების. ოღონდ არა რომელიმე პარტიისთვის, არამედ მრავალპარტიული პარლამენტისთვის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.