ნილს მუჟნიეკსი - სახალხო დამცველსა და მის უწყებაზე სიტყვიერი თავდასხმა უნდა შეწყდეს
ნილს მუჟნიეკსი - სახალხო დამცველსა და მის უწყებაზე სიტყვიერი თავდასხმა უნდა შეწყდეს

მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე მაღალჩინოსანმა სახალხო დამცველი უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. ეს საფრთხეს უქმნის ამ აპარატის მუშაობას, რაც შემაშფოთებელია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკსმა FrontNews.eu-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მუჟნიეკსმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები ომბუდსმენის აპარატის მუშაობის ეფექტურობას საფრთხეს უქმნის.

„ნებისმიერი სახალხო დამცველის ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანის უფლებები, გადაამოწმოს მთავრობის უფლებამოსილება და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს“, – განაცხადა მუჟნიეკსმა.

მისი თქმით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მთავრობა არ ერეოდეს სახალხო დამცველის საქმიანობასა და კომპეტენციაში.

„უნდა შეწყდეს სიტყვიერი თავდასხმა ომბუდსმენსა და მის უწყებაზე. მხარეებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ სიტყვიერი დაპირისპირება სახალხო დამცველის მიმართ, რასაც, შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მოჰყვეს და საზოგადოებაში ომბუდსმენის აპარატის ავტორიტეტი შეილახოს.“, – აღნიშნა ნილს მუჟნიეკსმა FrontNews.eu-სთან ინტერვიუში.

უჩა ნანუაშვილმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რა დროსაც აღნიშნა, რომ საჯარო პირების წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

ომბუდსმენის ანგარიშს კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, როგორც იუსტიციის მინისტრის, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. თეა წულუკიანის თქმით, უჩა ნანუაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი უსამართლო ომბუდსმენია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახალხო დამცველს სპეციალურ განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნულია, რომ უჩა ნანუაშვილი საზოგადოების დეზინფორმირებას ცდილობს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 17 ნოემბერს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს.

დატოვე კომენტარი