ნიკოლოზ ყიფშიძე - ვფიქრობ, საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება, რომ გავაგრძელოთ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა
ნიკოლოზ ყიფშიძე - ვფიქრობ, საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება, რომ გავაგრძელოთ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა

პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს ზოგად სისუსტეს და თავის ტკივილს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მარიამ ჯიშკარიანს სთხოვს, რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთოს.

მისივე თქმით, რეფიდინგის (ჭამის თავიდან დაწყება) პროცესი წარმატებით დაიწყო.

„განაგრძობს მკურნალობას, აღნიშნავს ზოგად სისუსტეს, თავის ტკივილს, არტერიული წნევა თამაშობს. რამდენადაც ვიცი, დილით ჰქონდა მაღალი წნევა. ახლა, ჩემს იქ ყოფნის დროს, წნევა ცოტა დაეცა, ამას კორიგირება გაუკეთდა რეანიმატოლოგის და მკურნალი ექიმის მიერ. ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურად არის. რეფიდინგი (ჭამის თავიდან დაწყება) დაიწყო წარმატებით, ამას ხელმძღვანელობს ქალბატონი ელენე გიორგაძე. რეფიდინგის პირველი დღე ნორმალურად ჩატარდა.

ნევროლოგები ალბათ ჩამოვლენ ხვალ ან ზეგ და კიდევ ერთხელ გაივლიან  პაციენტთან ერთად მისი მდგომარეობის შესახებ კონსულტაციას. როგორც მოგეხსენებათ, ასეთ ავადმყოფებს აქვთ პოსტრავმატიული სინდრომი, რომელიც გარკვეულ, ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ, მთხოვა, დავუკავშირდე ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს. ეს არის ალტერნატიული კომისია, რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი, მოვიდეს რამდენიმე დღის განამვლობაში, რომ გაიარონ ეს სიტუაცია. მე მგონია, საჭიროა ფსიქიატრის და ფსიქოლოგის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად, რომ გავაგრძელოთ მისი მკურნალობა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ყიფშიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში თავს უფრო მშვიდად გრძნობს, ვიდრე გლდანის საავადმყოფოში.

„რასაკვირველია, აქ უფრო მშვიდად არის, მადლობას უხდის კიდევ ერთხელ გორის ჰოსპიტლის სტაფსს, მთავარ ექიმს, მკურნალ ექიმს და ა.შ. დიდი განსხვავებაა ამასა და გლდანს შორის, მაგრამ საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა, როგორც გუშინ გითხარით, თავისუფალი მკურნალობა ერთია და სხვანაირი მკურნალობა სხვა არის, მაგრამ ამაზე შემდეგ გავაგრძელებთ ლაპარაკს, რა როგორ იქნება“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ნიკოლოზ ყიფშიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს, ნახოს მარიამ ჯიშკარიანი, რომლის ჯგუფშიც არიან ფსიქოლოგი და ფსიქიატრი.

„ის ფიქრობს, რომ ძალიან კარგი და დროული იქნება, ქალბატონი მარინა თავის ჯგუფთან ერთად მოვიდეს შემდეგ ორ-სამ დღეში, როცა იქნება და როგორც იქნება“, – დასძინა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კითხვაზე, „იყო მცირე ინციდენტზე საუბარი, როგორც ვიცით, ბადრაგი არ აძლევდა ფანჯრის გაღების საშუალებას“, – ნიკოლოზ ყიფშიძე პასუხობს, რომ ახლა ეს პრობლემა გადაჭრილია.

„დღეს მე შევხვდი ბადრაგს, შევხვდი სამხედროებს, ჰოსპიტლის ადმინისტრაციას, შემდეგ ყველა ერთად შევედით ბატონ პრეზიდენტთან და ეს ამბავი მგონი დამთავრდა და აღარ იქნება ასეთი ინციდენტები. ახლა თავად ფანჯარა ნორმალურია, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, უნდოდათ ისეთივე ფანჯრის დაყენება, როგორიც გლდანის ციხეში ჰქონდა, რომელიც იხსნება დაახლოებით ერთი სანტიმეტრით. იმის გამო, რომ პრეზიდენტი ვერ დადის და ვერ გადაადგილდება, სჭირდება მზის სხივები, მზის სინათლე, ამაზე იყო დიდი გართულებები, მაგრამ ახლა ეს პრობლემა გადაიჭრა“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საფრთხეები კიდევ არსებობს.

„ვერ გეტყვით, რომ საფრთხეებმა გაიარა და ყველაფერი კარგად არის, დავაკვირდეთ, ვნახოთ როგორ რა იქნება. ქალბატონი ელენე არის ყველაზე კარგი სპეციალისტი დღესდღეობით, მაპატიეთ, შეიძლება, უკეთესი ექიმები არსებობენ, არ ვიცი, მაგრამ ქალაბატონი ელენე ვიცი, როგორც საუკეთესო, მაგის ხელშია ყველაფერი, რეფიდინგის დაწყება და მისი გავლა, მართვა არის მის ხელში, პრეზიდენტი ენდობა მას“, – განაცხდა ნიკოლოზ ყიფშიძემ.