ნიკოლოზ ყიფშიძე - ვერ ვიტყვი, რომ დრამატული ცვლილებები იყო ტესტებში, თუმცა სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, უნდა ნახოს ალტერნატიული კონსილიუმი, პარასკევის კონსილიუმის შეხვედრა არ შედგება
ნიკოლოზ ყიფშიძე - ვერ ვიტყვი, რომ დრამატული ცვლილებები იყო ტესტებში, თუმცა სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება, უნდა ნახოს ალტერნატიული კონსილიუმი, პარასკევის კონსილიუმის შეხვედრა არ შედგება

პირად ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უარესდება.

„ვერ ვიტყვი, რომ დრამატული ცვლილებები იყო ტესტებში, თუმცა მდგომარეობა უარესდება. გავესაუბრეთ პრეზიდენტს და მისი მდგომარეობა პრაქტიკულად იგივე იყო, რაც გუშინ. ნელ-ნელა მძიმდება, ასე რომ, ეს ახალი არაა.

სჯობს, მისი მეხსიერება ხანდახან უკეთესი იყოს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ შიმშილს, სტრესს, გადატანილ კოვიდს, სხვადასხვა პრობლემის ამ მთელ ბუკეტს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ხანდახან იქნება პრობლემები მეხსიერებაში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ამასთან, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სურს, შეხვდეს ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელშიც შედის მისი პირადი ექიმი ჰოლანდიიდან.

„ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას უნდა, ნახოს ალტერნატიული კონსილიუმი, რომელშიც შედის მისი პირადი ექიმი ჰოლანდიიდან. ის მკურნალობდა სააკაშვილს კოვიდის დროს. ასევე, რამდენიმე ექიმი. მას მიაჩნია, რომ მიუღებელია, ერთი კომისია მიიღოს და მეორე კომისია – არა. პირველ კომისიაზე ის უარს არ ამბობს, მაგრამ ვიდრე მეორე კომისიას არ შეხვდება, არ შეხვდება პირველ კომისიასაც. ეს იმიტომ არა, რომ პირველი კონსილიუმი ცუდი იყო ან რაიმე სხვა პრობლემა. არავითარ შემთხვევაში, ორივე კომისია მოსწონს, მაგრამ უნდა, რომ ალტერნატიული ნახოს. პარასკევის კონსილიუმის შეხვედრა არ შედგება.

თავიდანვე ვამბობდი, რომ საქმე ნელ-ნელა უარესად იქნებოდა. ვერაფრით გავიგეთ, რომ შიმშილობის დროს უარესად ხდება და არა უკეთესად, მეტი პრობლემა გვექნება წინ და ამისთვის საჭიროა ჰოსპიტალიზაცია. ციხის ექიმს მე ვთხოვე, რომ საჭირო იყო ანგიოლოგი და პულმოლოგი, რადგან შიმშილობის გამო ზიანდება ყველა ორგანო, რაზეც საჭიროა მრავალპროფილური კლინიკა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.