ნიკოლოზ ყიფშიძე - საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა, თავისუფალი მკურნალობა ერთია, მზად ვარ, ველაპარაკო ყველას, ყოველ ჩემს სიტყვას ხელს მოვაწერ თავიდან
ნიკოლოზ ყიფშიძე - საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა, თავისუფალი მკურნალობა ერთია, მზად ვარ, ველაპარაკო ყველას, ყოველ ჩემს სიტყვას ხელს მოვაწერ თავიდან

მზად ვარ, ველაპარაკო ყველას, მე კატეგორიულად არ მითქვამს ეს ამბავი. თუ საჭიროება მოითხოვს, შეიძლება, დავუძახოთ სპეციალისტებს საზღვარგარეთიდან, იმათ გამოიტანონ დასკვნა, რა უფრო სწორია, ჩემი თუ სხვისი მიდგომა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ნიკოლოზ ყიფშიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „მედიკოსების ნაწილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფალ გარემოში მკურნალობის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს და ეს არის პოლიტიკური განცხადება“.

ყიფშიძის თქმით, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.

„ძალიან კარგი, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი აზრი, თავად უნდა გამოხატონ. მზად ვარ, ველაპარაკო ყველას, მე კატეგორიულად არ მითქვამს ეს ამბავი, მაგრამ ისევ ჩემს სიტყვებს ვარ, ყოველ ჩემს სიტყვას ხელს მოვაწერ თავიდან. თუ საჭიროება მოითხოვს, შეიძლება, დავუძახოთ სპეციალისტებს საზღვარგარეთიდან, იმათ გამოიტანონ დასკვნა, რა უფრო სწორია, ჩემი თუ სხვისი მიდგომა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ილაპარაკოს და იფიქროს ისე, როგორც უნდა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ამასთან, ყიფშიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში თავს უფრო მშვიდად გრძნობს, ვიდრე გლდანის საავადმყოფოში, თუმცა საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა.

„რასაკვირველია, აქ უფრო მშვიდად არის, მადლობას უხდის კიდევ ერთხელ გორის ჰოსპიტლის სტაფსს, მთავარ ექიმს, მკურნალ ექიმს და ა.შ. დიდი განსხვავებაა ამასა და გლდანს შორის, მაგრამ საავადმყოფო მაინც საავადმყოფოა, როგორც გუშინ გითხარით, თავისუფალი მკურნალობა ერთია და სხვანაირი მკურნალობა სხვა არის, მაგრამ ამაზე შემდეგ გავაგრძელებთ ლაპარაკს, რა, როგორ იქნება“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.