ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილთან იყო ლაპარაკი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მან მკითხა გორის ჰოსპიტალზე, მივეცი რჩევა, რამე რომ იყოს, უარი თქვას იქ გადაყვანაზე
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილთან იყო ლაპარაკი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მან მკითხა გორის ჰოსპიტალზე, მივეცი რჩევა, რამე რომ იყოს, უარი თქვას იქ გადაყვანაზე

მიხეილ სააკაშვილთან იყო ლაპარაკი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მან მკითხა გორის ჰოსპიტალის შესახებ, მივეცი რჩევა, რამე რომ იყოს, უარი თქვას იქ გადაყვანაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ექიმმა განმარტა, გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი მიხეილ სააკაშვილის მსგავსი ავადმყოფებისთვის.

„შესამჩნევი სიყვითლე აქვს სხვა დღეებთან განსხვავებით. გადაადგილდება მძიმედ, სუსტად არის. პაემნების ოთახში ვერ ჩამოვიდა და ავედი პალატაში. სამი დღის განმავლობაში არ მიშვებდნენ და დღეს, ჰოი საოცრება, თვითონ დამირეკეს და მითხრეს, თუ შეიძლება მობრძანდიო. იყო ლაპარაკი გადაყვანაზე. პრეზიდენტმა მკითხა გორის ჰოსპიტალის შესახებ და მე მივეცი მას რჩევა, რამე რომ იყოს, უარი თქვას იქ გადაყვანაზე. გორის ჰოსპიტალის შექმნასა და დაგეგმარებაში ვმონაწილეობდი მეც, ძალიან კარგად იმუშავა 2008 წელს ომის დროს, მაგრამ გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი ასეთი ავადმყოფებისთვის.

ჩვენ ვილაპარაკეთ, თუ რომელ კლინიკაში შეიძლება მოხდეს მისი გადაყვანა. ჯერ კონფიდენციალურია. მე რამდენიმე ჰოსპიტალზე ვფიქრობ და უნდა ავწონ-დავწონო. ორ ჰოსპიტალზეა საუბარი, რომელსაც ვერ გეტყვით. ეს ჩემი „ვიშლისტია“,- განაცხადა ყიფშიძემ.

ამასთან, როგორც ნიკოლოზ ყიფიძემ აღნიშნა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის დასკვნას ეთანხმება.

„კონსილიუმის დასკვნას აბსოლუტურად ვეთანხმები. ახლა იყო უსიამოვნო მომენტები წნევასთან დაკავშირებით, რაც დავარეგულირეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს დარეგულირება გასტანს დილამდე.

ბევრად სუსტადაა, უჭირს გადაადგილება და პრინციპში, რაც კონსილიუმმა თქვა, ზუსტად ისეა ყველაფერი. სამი კვირაა, ვლაპარაკობ, რომ უნდა გადაიყვანონ. მაშინ რომ მოესმინათ, ბევრად უკეთესად იქნებოდა მდგომარეობა. ყოველ საათში მისი მდგომარეობა მძიმდება და მისი მკურნალობა უფრო და უფრო გაჭირდება. მე რომ ვიყო უფროსი, დღესვე გადავიყვან“,- აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ „სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში“.