ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო, დღეს გადასხმის საჭიროება არ იყო, შეიძლება, ღამით ან დილით დასჭირდეს
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო, დღეს გადასხმის საჭიროება არ იყო, შეიძლება, ღამით ან დილით დასჭირდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს არ შეცვლილა.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს სასაჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, გადასხმამ შედეგი გამოიღო.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც გუშინ იყო. ეს ნიშნავს, რომ გადასხმამ და მედიკამენტოზურმა მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო. ყველაფერი წყნარად არის დღეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კითხვაზე, კვლავ დგას თუ არა ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ საჭიროება დგას, რადგან სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს, თუმცა გლდანის დაწესებულების საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია.

„რასაკვირველია. შიმშილობას არ წყვეტს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა, რომ გადაიყვანონ გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში. თანახმაა ჰოსპიტალიზაციის საქალაქო სექტორში. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი საავადმყოფო იქნება. დღეს გადასხმის საჭიროება არ იყო. შეიძლება, ღამე დასჭირდეს, შეიძლება დილას დასჭირდეს, არ ვიცი“, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.