ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან რთული, გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა, ყოველ წუთს განმეორდეს, წევს რეანიმაციაში მონიტორინგის ქვეშ
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის ძალიან რთული, გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა, ყოველ წუთს განმეორდეს, წევს რეანიმაციაში მონიტორინგის ქვეშ

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან რთული, გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა, ყოველ წუთს განმეორდეს, წევს რეანიმაციაში მონიტორინგის ქვეშ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ძალიან მძიმე დღე ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს. დაეცა, აიყვანეს რეანიმაციაში და შემდგომ გატარებული იყო მთელი რიგი ღონისძიებები. დიდი მადლობა ქალბატონ გულიკო ქილიფთარს, შემთხვევით იყო იქ, ჩაატარა რეანიმაციული ღონისძიებები და პრეზიდენტი უკეთესად გახდა.

გონების დაკარგვა მოხდა, ეს სინკოპია. ეს მოასწავებს, რომ ყოველ წუთში ხდება ცუდი რაღაცები მის ორგანიზმში. მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან რთული. აქ გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც ჩემი აზრით, იმსახურებს დიდ ყურადღებას. გადასაყვანია მიშა სააკაშვილი მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მაღალი დონის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია – აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ მისი ტვინის მდგომარეობა. გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა, ყოველ წუთს განმეორდეს. წევს რეანიმაციაში მონიტორინგის ქვეშ, ველოდებით რა მოხდება“,- განაცხადა ყიფშიძემ.

ამასთან, როგორც ექიმმა აღნიშნა, ის შეხვდა უმრავლესობის დეპუტატებს და საუბრის მთავარი თემა, მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო.

„შევხვდი დეპუტატებს – დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ სარჯველაძეს და დავით სერგეენკოს. ნახევარი საათი ვილაპარაკეთ, რა უნდა მოხდეს, რა უნდა გავაკეთოთ და საერთოდ, რა ხდება. საუბრის მთავარი საკითხი იყო პრეზიდენტის გადაყვანა. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე მტკიცე პოზიცია, რომ აუცილებელია პრეზიდენტის გადაყვანა მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ვერ გეტყვით, ეს გაიზიარეს თუ არა, მაგრამ რაღაც ლაპარაკი იყო. ვერ გეტყვით, რომ ბოლომდე მეთანხმებოდნენ.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები ფიქრობენ მაინც მისი გადაყვანის შესაძლებლობაზე, მაგრამ – კი ბატონო, მათგან არ გამიგია, ჯერჯერობით“, – აღნიშნა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, თუმცა უარი თქვეს, რადგან სააკაშვილს სჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია.

„ველოდებოდით გასტროენტეროლოგს, ჯერ არ მოსულა. ის გვჭირდებოდა, რათა გვეფიქრა, რა ხდება მის კუჭში, არის თუ არა სისხლდენა, რა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ. ამ წუთში ყველაზე საყურადღებოა მრტ-ს გაკეთება. ეს აპარატი აქ არ დგას. არის სულ რამდენიმე კლინიკაში, თბილისში. ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რაზეც უარი ვუთხარი. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის მხოლოდ ზედმეტი დასხივება, მას სჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელიც აქ არ არსებობს. თავის ტვინის დიაგნოსტიკას ამ წუთში აქ ვერ ვაკეთებთ.

რაც შეეხება გორის კლინიკას, არ გამოდგება ორი მიზეზის გამო – ჯერ ერთი, კლინიკას არ აქვს ის აღჭურვილობა, რაც სააკაშვილს დღეს სჭირდება. ასევე, წარმოიდგინეთ, მას სჭირდება დაახლოებით 25 სპეციალისტი, სხვადასხვა სპეციალობის, რომლებიც ძირითადად თბილისში ცხოვრობენ, ეს ხალხი უნდა ვატაროთ გორში დღე და ღამე?“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.