ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში

მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში, ეს დღეს და ხვალ არ მოხერხდება, შაბათ-კვირას, ან არ ვიცი ზუსტად, როდის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

„გასავლელია დეტალები ჯანმრთელობის და იუსტიციის სამინისტროებთან. ამას გავარკვევთ ხვალ, ზეგ და შემდეგ მოხდება ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას. მისი პირველი განცხადება, რომ ეს არის შიმშილობა, რჩება ძალაში. არავითარ შემთხვევაში შეწყვეტაზე საუბარი არ არის. ბოლო ანალიზებს ახლა გავეცანი, ერთი უკეთესია, მეორე უარესია, არ ვიცი, სად გადაიყვანენ“,- განაცხადა ექიმმა.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში რამდენიმე დღით დარჩება, თუ პროფილაქტიკის მიზნით გადაიყვანენ და ისევ საპატიმროში დააბრუნებენ, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ამაზე მას პასუხი არ აქვს.

„კარგი კითხვაა, მაგრამ პასუხი არ მაქვს. მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა იმისთვის ხდება, რომ გავაგრძელოთ მისი სიცოცხლე. ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც გუშინ იყო, ისე არის ახლაც. სად გადაიყვანენ, არ ვიცი, უნდა გვაჩვენონ ალბათ სია. კლინიკა „ვივამედი“ მე პირველად მესმის, მაგრამ შეიძლება, იყოს „ვივამედი“. ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. მისი მკურნალობა არის ის, რომ ახლა მან დაიწყოს ჭამა, ეს არის მთავარი თერაპია ახლა მისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.