ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს, სვამს მხოლოდ ერთ ცალ დასაძინებელ წამალს და გლუკოზის აბებს
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს, სვამს მხოლოდ ერთ ცალ დასაძინებელ წამალს და გლუკოზის აბებს

მიხეილ სააკაშვილი არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს, იღებს მხოლოდ ერთ ცალ დასაძინებელ წამალს და გლუკოზის აბებს, არავითარი კონტაქტი პრეზიდენტსა და ამ ორგანიზაციის ექიმებს შორის არ არსებობს, ნდობა არ არის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს ხელის კანკალი აღენიშნება და მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა.

მისივე ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილია ექსპერტიზა , რომელსაც თავადაც დაესწრება.

„დღეს პირველად შევხვდი. ვილაპარაკეთ მის ჯანმრთელობაზე. გამოიყურება მხნედ, მაგრამ არის სუსტად. არავითარ სამედიცინო დახმარებას არ იღებს, იღებს მხოლოდ ერთ ცალ დასაძინებელ წამალს და გლუკოზის აბებს დაახლოებით ორ-სამ ცალს დღეში. დაზიანებებთან დაკავშირებით აქვს თუ არა, ვერ გეტყვით, ეს არ მინახავს. ტრავმატოლოგის ჩართვა საჭირო არაა. ხვალ დანიშნულია ექსპერტიზა, რომელსაც ალბათ მეც დავესწრები დღის პირველ ნახევარში. რაც ყველაზე სავალალოა, არავითარი კონტაქტი პრეზიდენტსა და ამ ორგანიზაციის ექიმებს შორის არ არსებობს, ნდობა არაა, არ იღებს ტაბლეტებს და არ იღებს ტესტებს და მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა. ტომოგრაფიის აპარატი არაა დამონტაჟებული და მხოლოდ კომპიუტერულ ტომოგრაფიის აპარატში არაა საქმე, ავადმყოფს არ უნდა აქ მკურნალობა. გარკვეული ტრემორი, ხელის კანკალი აღენიშნება, მაგრამ ვერ გეტყვით, რის გამოა ეს. მდგომარეობა საკმაოდ სახიფათოა“, – განაცხადა ყიფშიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე დღეა, არ გაუკეთებია ტესტები.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პრეზიდენტი საჭიროებს მკურნალობას და მკურნალობას აქვს ორი მხარე, ავადმყოფი და ექიმი, როდესაც არ არსებობს ეს სინთეზი, მკურნალობაზე ლაპარაკი არ შეიძლება. აუცილებელია მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა, რადგან, მაგალითად, ტესტები არ გაგვიკეთებია უკვე რამდენიმე დღეა, ამიტომ, არ ვიცით საციცოცხლო მაჩვენებლები რამდენია. ეს მიუღებელია, არ შეიძლება ასე. მით უმეტეს, მოშიმშილე ავადმყოფში. მის საკანში არ ვყოფილვარ, შევხვდი პირველ სართულზე და ისმის ხმაური და გინება. ვერ გავიგე ვინ ვის აგინებს და როგორ, ხმაური არის მუდამ. უფრო სუსტადაა, უფრო ნელა მოქმედებს და წერს და ა.შ. ექიმისთვის ეგ ადვილი დასანახია. მკურნალობა ასეთ მდგომარეობაში შეუძლებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.