ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი
ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი

სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, რთულია, ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი, – ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.

ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს ინტენსიური თერაპიის პალატაში, მას პირველადი რეანიმაციული დახმარება გაეწია და გადავიდა ინტენსიურ თერაპიაში.

„ტრანსპორტირება ჩატარდა ნორმალურად, კარგად, მოხერხდა ავადმყოფის ჩამოყვანა გორში, ჩაუტარდა რამდენიმე ტესტი იქვე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. მდგომარეობა მძიმეა, რთულია.

ხვალ იქნება პირველი კონსილიუმი. ჩვენ გვაქვს სამი კონსილიუმი, სამი ჯგუფი. ხვალ იქნება სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, დაახლოებით შუადღეს, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას ადგილობრივ ექიმებთან.

აქ მომუშავე ბევრ ექიმს ვიცნობ, საკმაოდ გამოცდილი და კარგი ექიმები არიან. ასევე მორიგეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ჯგუფი, რეანიმატოლოგები, რომლებიც დღესაც დარჩებიან და აქ იქნებიან მუდმივად მორიგეობით“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ექიმის თქმით, სავარაუდოდ ორ დღეში მოინახულებენ სააკაშვილს სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა ჯგუფის წევრები, მოგვიანებით კი, „ემპათიას“ ჯგუფის წარმომადგენლები.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანიდან, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებას, გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით, სადაც შეწყვიტა შიმშილობა.