ნიკოლოზ ყიფშიძე - კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება მაღალი კლასის მაღალპროფილურ საავადმყოფოში
ნიკოლოზ ყიფშიძე - კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება მაღალი კლასის მაღალპროფილურ საავადმყოფოში

კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება მაღალი კლასის მაღალპროფილურ საავადმყოფოში, – ამის შესახებ ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელია.

„გუშინდელმა გადასხმამ კარგად ჩაიარა, პრობლემები არ გვაქვს ჯერ. მინდა გითხრათ, რომ შეიძლება დამძიმდეს ყოველ წუთში. კომისიამ ერთხმად გადაწყვიტა, რომ საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გადასაყვანია მაღალპროფილურ საავადმყოფოში. დღეს შესული იყო ექიმების კონსილიუმი, ვისაუბრეთ დაახლოებით 2 საათი, ყველა თანხმდება, რომ შეიძლება ეს ყველაფერი გართულდეს და საჭირო იქნება მისი გადაყვანა საავადმყოფოში. მე მაქვს პოზიცია, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში ეს არის მკვლელობის ტოლფასი. კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება მაღალი კლასის მაღალპროფილურ საავადმყოფოში. გლდანის ჰოსპიტალში გადასვლა იქნება მკვლელობის ტოლფასი. კვლევები ჩაუტარდა. გუშინდელი პრობლემები გამოვასწორეთ, მაგრამ ახლა შეიძლება ახალი პრობლემები წარმოიშვას. ყველა ერთმნიშვნელოვნად ვთანხმდებით, რომ მისი მდგომარეობა შეიძლება, გაუარესდეს ნებისმიერ წუთში“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის დროს, რა პოზიცია ჰქონდათ შეხვედრის მონაწილეებს: „მაშინ ჰქონდათ პოზიცია, რომ იმსჯელებდნენ, რომელ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაეყვანათ მიხეილ სააკაშვილი, მაშინ გლდანის ციხის საავადმყოფოზე საუბარი არ ყოფილა“.