ნიკოლოზ ყიფშიძე - გორის ჰოსპიტალი უკეთესია, ვიდრე გლდანის ციხე, მაგრამ ვერ შევაფასებ, გორის ჰოსპიტალში ბოლოს 2008 წელს ვიყავი
ნიკოლოზ ყიფშიძე - გორის ჰოსპიტალი უკეთესია, ვიდრე გლდანის ციხე, მაგრამ ვერ შევაფასებ, გორის ჰოსპიტალში ბოლოს 2008 წელს ვიყავი

გორის ჰოსპიტალში ბოლოს 2008 წელს ვიყავი, ვერ შევაფასებ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს გლდანის მე-18 დაწესებულებასთან განუცხადა.

მისი თქმით, არ ფლობს ინფორმაციას გორის ჰოსპიტალში არსებულ სამედიცინო ინვენტართან დაკავშირებით.

„მე ვარ გლდანის ციხესთან უკვე დაახლოებით ერთი საათია, არ მიშვებენ. ველოდები, რომ როგორმე შემიშვებენ. გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით მე ინფორმაციას არ ვფლობ, რა ინვენტარია, როგორი პერსონალია. ასე რომ, მე ვერაფერს ვერ გეტყვით. დაუდასტურებული ინფორმაციით გავიგე, რომ ემერტეს აპარატი, რომელიც აუცილებელია ასეთი ავადმყოფის მკურნალობის დიაგნოსტირებისთვის, არ მუშაობს იქ, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია არ არის. ვერ გეტყვით ზუსტად, ასეა ნამდვილად, თუ არა. მე ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან ბოლოჯერ გორის ჰოსპიტალში ვიყავი 2008 წელს. ასე რომ, მე ნამდვილად ვერ გეტყვით ვერაფერს, ვერ შევაფასებ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისივე თქმით, ორი ცუდი გამოსავლის დროს ჯობია, უკეთესი ამოირჩიო, ვიდრე უარესი.

„ვთქვათ, ორი ცუდი გამოსავლის დროს ჯობია, უკეთესი ამოირჩიო, ვიდრე უარესი. გორის ჰოსპიტალი უკეთესია, ვიდრე გლდანის ციხე. რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, კარგი იქნებოდა, კომისიის სხვა წევრები წასულიყვნენ ახლა გორში და ადგილზე ენახათ. შეიძლება, შეესაბამება ყველაფერ იმას, რასაც ლაპარაკობენ.

კითხვაზე, მისი როგორც ექიმის რჩევა სააკაშვილისთვის იქნება, თუ არა გორის ჰოსპიტალში გადასვლას დათანხმდეს, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, რომ ჯერ უნდა ნახოს პაციენტი და დაელაპარაკოს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია მრავალპროფილური ჰოსპიტალში, რადგან სხვანაირად მისი მკურნალობა შეუძლებელია.

„ძალიან რთული კითხვაა. ჯერ ერთი, უნდა შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, ვნახო მისი მდგომარეობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ვარ მე გარეთ და არ მინახავს ავადმყოფი და მეორე – უნდა დაველაპარაკო. რასაკვირველია გადასაყვანია და მე ამას ვიძახი უკვე ორი დღე კი არ არის, ოთხი კვირაა ამაზე ვლაპარაკობ, რომ გადასაყვანია მრავალპროფილური ჰოსპიტალში. სხვანაირად მისი მკურნალობა შეუძლებელია.
არის პატარ-პატარა ნიუანსები, რომელშიც უნდა გავერკვე და ვიდრე არ გავერკვევი, ვერ გეტყვით პასუხს. არაპროფესიონალური იქნება ჩემი მხრიდან ასე ლაპარაკი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა შეთავაზება, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან, აღნიშნა, რომ ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.