ნიკოლოზ ყიფშიძე - დღეს პირველი დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე
ნიკოლოზ ყიფშიძე - დღეს პირველი დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე

დღეს პირველი დღეა, რაც მიხეილ სააკაშვილი არ ამდგარა ლოგინიდან, აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს ლოგინში, – ამის შესახებ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას და აუცილებელია მისი მე-18 დაწესებულებიდან გადაყვანის საკითხი გადაწყდეს.

„რაღაც ტესტები ავიღეთ და ა.შ. საკანში ვესტუმრე, რადგან პრეზიდენტს ქვემოთ ჩამოსვლა არ შეეძლო. ანალიზები ავიღეთ, რაღაც პასუხები მივიღეთ. დასუსტებულია. მძიმე სისუსტეა. ტკივილები არ აქვს. კალიუმის მაჩვენებელი დღესდღეობით დაბალ ნორმაშია. პრაქტიკულად, მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა. საუბარი ცოტა უჭირს, სულ გვერდზე ვიყავი, რაღაცებზე ვლაპარაკობთ. უყურებს ტელევიზიის გადაცემებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პირველი დღეა, რაც არის ძალიან, ძალიან სუსტად. მე ვიყავი რამდენიმე საათი, ახლა იქ დარჩა ამ დაწესებულების მთავარი ექიმი. ადრე თუ გვიან გადაყვანის საკითხი უნდა გადაწყდეს. შიმშილობა გრძელდება, არ დამთავრებულა. მასთან კიდევ არის ერთი ექიმი, რომელიც არ ვიცი, ვინ არის. თუ გადაუდებელი დახმარება დასჭირდება, დამირეკავენ და გადავწყვეტთ, რა და როგორ ვქნათ. მე დაწესებულების მარტო ერთი ფლიგელი ვნახე. მთავარი ექიმი უწევს კონსულტაციას“, – განაცხადა ყიფშიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი მე-18 დაწესებულებასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მობილიზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ციხესთან მყოფი რეანიმობილი ამ ყველაფერთან დღეს არაფერ კავშირში არ იყო“.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო სასიცოცხლო მედიკამენტები – კალიუმის შემავსებელი წამალი და კიდევ ერთი წამალი.

„პრეზიდენტი ძალიან განაწყენებული იყო, რომ ვერ ნახა თავისი მეგობარი ქალბატონი ანა. ქალბატონი ფოტიგა ორი დღის წინ ვნახე და ყველაფერი მოვუყევი. მან იცის, რა მდგომარეობაშია, თუმცა თვითონ უნდოდა, ენახა პრეზიდენტი. ჩვენ დრო არ გვაქვს, კონსილიუმი თუ გვინდა გავაკეთოთ, დღეს უნდა გავაკეთოთ. ხვალ უნდა შეხვდეს კონსილიუმი დილას, 09:00 საათზე ერთმანეთს. არ შეიძლება ასე გადადება ყველაფრის, სულ მაგას ვლაპარაკობ. არ გვაქვს ეს დრო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც სასწრაფოდ. სასწაული არ ხდება. ჩვენი პრეზიდენტი ყოველდღე უფრო და უფრო ცუდად არის“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.