ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ოცამდე მოზარდი იქნებოდა, ხელჩართული ომი იყო
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ოცამდე მოზარდი იქნებოდა, ხელჩართული ომი იყო

ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ოცამდე მოზარდი იქნებოდა, ხელჩართული ომი იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განუცხადა.

როგორც ვაჩეიშვილმა აღნიშნა, თვითმხილველებს ახალგაზრდების დამშვიდება სურდათ, თუმცა ეს შეუძლებელი იყო.

„ძალიან ბევრნი იყვნენ, ვფიქრობ, 20-მდე მაინც. ხელჩართული ომი იყო. ჩვენ, მეზობლებს რაც შეგვეძლო, გვინდოდა, ეს ბავშვები ატაცებული მდგომარეობიდან გამოგვეყვანა, რაც შეუძლებელი იყო. თითქოს, არაფერი ახსოვდათ, ისეთი ჩხუბი იყო“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა დაინახა შემთხვევის ადგილზე, ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ მან ძირითადად ტრაგედიის შემდგომ წამებში განვითარებული მოვლენები დაინახა.

როგორც ვაჩეიშვილმა აღნიშნა, ძირითადად, ბავშვების გადარჩენასა და პოლიციის მობილიზებას ცდილობდა.

„იქ იყო ხელჩართული, ერთიანი, დიდი, დაუნდობელი შეხლა-შემოხლა. შემდეგ ჩვენი აივნიდან ამ ბავშვების დაშოშმინება დავიწყე, რაც ვერ შევძელი. შემდეგ პოლიციაში რეკვა დავიწყე, რომელიც საკმაოდ გაჭირდა. ისევ რომ გამოვედი, უკვე დადუნაშვილს შევესწარი, როგორ ბარბაცებდა. მერე უკვე სასწრაფოზე გადავერთეთ, რომ ექიმებს მოსვლა შეძლებოდათ. უკვე იქ საცობი იყო, ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

მისი თქმით, გამოძიებას ის აქამდე არ გამოუკითხავს და პირველად დღეს კომისიის სხდომაზე გამოკითხავენ.

„დეტალების თაობაზე რაც ვიცით, გამოძიებას მოვუყვებით. მე არ ვიცი, ეს არსებითია, თუ არაარსებითი, მაგრამ საჭიროა, ყველამ, ვინც იქ ესწრებოდა და იმ ვითარებაში შორი ახლოს მაინც იყო, ისაუბროს მომხდარზე. როგორც ჩანს, ძალიან რთული საქმეა, ამიტომ თითოეული მათგანის აზრის გათვალისწინება და შთაბეჭდილებისა თუ ფაქტების მოყოლა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაჩეიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს ნიკოლოზ ვაჩეიშვილსა და მის მეუღლეს გამოკითხავენ. გამოკითხვის პროცესი მედიისთვის დახურული იქნება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩანაწერი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება.